მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაველ დუროვმა საფრანგეთი დატოვა — რა ხდება მილიარდერის საქმეზე?

პაველ დუროვი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა, რომელსაც საფრანგეთის ხელისუფლება რამდენიმე ძალიან მძიმე დანაშაულს ედავება, საფრანგეთის დროებით დატოვების უფლება მიიღო. საფრანგეთიდან გასვლის უფლება მილიარდერმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, მაგრამ იმ პირობით, რომ შვიდ აპრილს ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნდება. როგორც დუროვმა Telegram-ში დაწერა, სასამართლო დავა გრძელდება, მაგრამ დუბაიში ყოფნა, რომელსაც მილიარდერი სახლად მოიხსენიებს, მას ბედნიერებას ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ ნახევარი წლის წინ დაკავებულ პაველ დუროვს საფრანგეთის ხელისუფლება თორმეტ დანაშაულს აბრალებს, რომელთა შორის ტერორიზმის ხელშეწყობას, ბავშვების ტრეფიკინგს და სექსუალური შინაარსის კონტენტის არალეგალურ გავრცელებას ვხვდებით. თუკი სასამართლომ მილიარდერი დამნაშავედ ცნო, გამორიცხული არ არის, დუროვი ციხეში ათი წლით მოხვდეს. როგორც საფრანგეთის პროკურატურაში ამბობენ, Telegram-ის დამფუძნებლის სასამართლო სულ მცირე ერთი წელი არ შედგება.

დანაშაულები, რომლებიც პაველ დუროვს ბრალად ედება, საკმაოდ მძიმეა და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ მიდგომას, რომელიც Telegram-ის დამფუძნებელს მისი პლატფორმის მიმართ დაკავებამდე ჰქონდა. ფრანგულ ციხეში მოხვედრის შემდეგ, სოციალური ქსელი შეიცვალა, როგორც ტექნიკურად, ასევე ფილოსოფიურად, რაც გვაფიქრებინებს, რომ პაველ დუროვმა, გარკვეულწილად, მის შეხედულებებს გადაუხვია. ამ პერიოდში, კომპანიამ საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურებთან თანამშრომლობა დაიწყო, Telegram-ში მოდერაცია ჩაირთო და აპლიკაციაში ადგილმდებარეობის დადგენის ფუნქციონალი დაკორექტირდა.

პაველ დუროვი ცნობილი რუსი ანტრეპრენიორია, რომელმაც Facebook-ის რუსული ანალოგი, VKontakte შექმნა. ამერიკული Bloomberg-ის შეფასებით დუროვი $12.4 მილიარდის ქონებას ფლობს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მას დიდი რაოდენობით ბიტკოინიც აქვს, რუსი მილიარდერის აქტივების შეფასება, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია. დაკავებამდე, დუროვი დუბაიში ცხოვრობდა, მაგრამ დაკავების და $5.2-მილიონიანი გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, პარიზში იმყოფებოდა, რადგან საფრანგეთის დედაქალაქის დატოვება აკრძალული ჰქონდა. პაველ დუროვი რუსეთის, საფრანგეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და სენტ-კიტსის და ნევისის მოქალაქეობას ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები