მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიცვალა Telegram-ში პაველ დუროვის დაკავების შემდეგ?

პაველ დუროვი

საფრანგეთის ხელისუფლების მიერ Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავების შემდეგ ერთი თვე გავიდა. ამ პერიოდში, სოციალური ქსელი შეიცვალა, როგორც ტექნიკურად, ასევე ფილოსოფიურად, რაც იძლევა საფუძველს ითქვას, რომ პაველ დუროვმა, გარკვეულწილად, მის შეხედულებებს გადაუხვია.

პირველი ცვლილება Telegram-ის მმართველობას უკავშირდება, რადგან კომპანიამ საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურებთან თანამშრომლობა დაიწყო. ამ დრომდე, პაველ დუროვს და კომპანიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, რომელიც არც ერთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ მოიაზრებდა, თანაც არც ერთი საბაბით. ამიერიდან, Telegram-ი სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულში ეჭვმიტანილების IP-მისამართებს და ტელეფონის ნომრებს გადასცემს.

მეორე ცვლილება Telegram-ში კონტენტის მოდერაციას უკავშირდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ნელ-ნელა, Telegram-ში ის გადაწყვეტები დაინერგება, რაც სხვა სოციალურ ქსელებში. თუ ამ დრომდე, Telegram-ში ფაქტობრივად ყველაფერი ხდებოდა, რისი წარმოდგენაც შეიძლება და Telegram-ის მენეჯმენტმა ამის შესახებ იცოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, ამიერიდან, არალეგალური კონტენტის მოდერაცია სავალდებულო გახდება.

მესამე ცვლილება სოციალურ ქსელში ადგილმდებარეობის ფუნქციონალს უკავშირდება. ამ დრომდე, Telegram-ში არსებობდა ფუნქცია, სახელწოდებით “ადამიანები ახლოს”, რომლითაც იმ ადამიანებისთვის მიწერა იყო შესაძლებელი, ვინც მომხმარებლისგან ორკილომეტრიან რადიუსში იმყოფება. თუკი ნორმალურ პირობებში, ასე ახალი ადამიანების გაცნობა არის შესაძლებელი, Telegram-ში ეს ფუნქცია, უმეტესწილად, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის გამოიყენებოდა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად, პაველ დუროვს საფრანგეთის ხელისუფლება თორმეტ დანაშაულში ადანაშაულებს, რომელთა შორის ტერორიზმის ხელშეწყობას, ბავშვების ტრეფიკინგს და სექსუალური შინაარსის კონტენტის არალეგალურ გავრცელებას ვხვდებით. დანაშაულები, რომლებიც პაველ დუროვს ბრალად ედება, საკმაოდ მძიმეა და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ მიდგომას, რომელიც Telegram-ის დამფუძნებელს მისი პლატფორმის მიმართ ჰქონდა. ამიერიდან, როგორც ჩანს, ეს მიდგომა მკვეთრად შეიცვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები