მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Telegram-ის დამფუძნებელმა, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებამ ორი კვირის წინ დააკავა, მის საქმესთან დაკავშირებით პირველად ისაუბრა. როგორც პაველ დუროვი Telegram-ში წერს, ერთი თვის წინ ფრანგულმა პოლიციამ ის ოთხდღიან გამოკითხვაზე დაიბარა, სადაც განუმარტეს, რომ სხვა ადამიანების მიერ Telegram-ის არაკეთილსინდისიერად გამოყენებისთვის, შესაძლოა, ის დასჯილიყო. საფრანგეთის ხელისუფლების ამგვარ მიდგომას პაველ დუროვი არ ეთანხმება და წერს, რომ ის არასწორია.
“თუ კონკრეტულ ქვეყანას ინტერნეტსერვისი არ მოსწონს, ჩამოყალიბებული პრაქტიკა ამ სერვისის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებას გულისხმობს. სმარტფონამდელი ერის დროს შექმნილი კანონებით კომპანიის დირექტორის დადანაშაულება იმ ქმედებაში, რომელიც მის პლატფორმაზე სხვამ განახორციელა - არასწორი მიდგომაა. ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნა თავისთავად რთულია. ნოვატორი, რომელსაც ეცოდინება, რომ შეიძლება მის მიერ შექმნილი ხელსაწყოების არასწორად გამოყენებისთვის დაისაჯოს, ტექნოლოგიის შექმნაზე, უბრალოდ, უარს განაცხადებს.
პირადი მონაცემების დაცვასა და უსაფრთხოებას შორის ზუსტი ბალანსის დაჭერა იოლი არ არის. ზოგჯერ, კონკრეტული ქვეყნის მარეგულირებელთან ამ ბალანსზე ვერ ვთანხმდებით. ასეთ დროს, მზად ვართ ქვეყნიდან გავიდეთ, რაც ბევრჯერ გაგვიკეთებია. იმ დროს, როცა რუსეთმა თვალთვალის მიზნით “დაშიფვრის კოდების” გადმოცემა გვთხოვა, უარი ვთქვით და რუსეთმა Telegram-ი აკრძალა. მაშინ, როცა ირანმა მშვიდობიანი მანიფესტანტების არხების დაბლოკვა გვთხოვა, უარი ვთქვით და ირანმა - Telegram-ი აკრძალა. მზად ვართ, გავიდეთ იმ ბაზრებიდან, რომლებიც ჩვენს პრინციპებს არ იზიარებენ, რადგან ამ საქმეს ფულისთვის არ ვაკეთებთ. სიკეთის კეთება და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა გვამოძრავებს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც უფლებები უგულებელყოფილია”, - წერს პაველ დუროვი Telegram-ში.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად, პაველ დუროვს საფრანგეთის ხელისუფლება თორმეტ დანაშაულს ადანაშაულებს, რომელთა შორის ტერორიზმის ხელშეწყობას, ბავშვების ტრეფიკინგს და სექსუალური შინაარსის კონტენტის არალეგალურ გავრცელებას ვხვდებით. დანაშაულები, რომლებიც პაველ დუროვს ბრალად ედება, საკმაოდ მძიმეა და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ მიდგომას, რომელიც Telegram-ის დამფუძნებელს მისი პლატფორმის მიმართ აქვს, რადგან საქვეყნოდ ცნობილია, რომ Telegram-ში იციან ყველაფერი, რაც პლატფორმაზე ხდება, მაგრამ ამის შესახებ არავის ატყობინებენ, მათ შორის, არც ხელისუფლებებს.
თუ გაინტერესებს, ვინ არის პაველ დუროვი და რატომ დააკავეს ის საფრანგეთში - ამ სტატიას გაეცანი.