რუსი ანტერპრენიორის, პაველ დუროვის მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმა Telegram-ი ძალიან სწრაფად იზრდება. გასულ წელს, Telegram-ის შემოსავალი წლიურად 308%-ით გაიზარდა და $1.4 მილიარდი შეადგინა. ამავე პერიოდში, კომპანიამ პირველად დააფიქსირა წმინდა მოგება, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, $540 მილიონის ტოლი იყო. ამგვარად, პაველ დუროვის პროგნოზი, გამართლდა, ხოლო Telegram-ის მომხმარებელთა რაოდენობამ, ამჟამად, ერთ მილიარდს გადააჭარბა.
თავად Telegram-ი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის ბაზირებული, ძალზე საინტერესო კომპანიაა, რადგან სრულ განაკვეთზე იქ მხოლოდ 50 ადამიანი მუშაობს. ბოლო წლებში, Telegram-ი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სოციალურ ქსელად იქცა, რომელსაც იყენებენ, როგორც ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ, ასევე ახალი ამბებისა და მნიშვნელოვანი განცხადებების გასავრცელებლად.
Telegram-ის გაზრდილი შემოსავალი და წმინდა მოგება რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, მათ შორის ყველაზე მთავარი აპლიკაციის შიგნით შექმნილი ეკოსისტემაა. შემოსავლის ნახევარზე მეტს Telegram-ი ვაჭრობის და თამაშების მოდულით აგენერირებს, რომელთა დიდი ნაწილი TON-ის ბლოკჩეინზე არის დაშენებული. ამ შემთხვევაში, აქტიურად გამოიყენება კრიპტოვალუტა Toncoin-ი, რომელიც Telegram-ის ეკოსისტემაში გადახდების მამოძრავებელია.
ეკოსისტემის გარდა, Telegram-ისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს რეკლამა, რომელმაც გასულ წელს პლატფორმას $250 მილიონის შემოსავალი მოუტანა. ფულს Telegram-ი ფასიანი გამომწერებისგანაც იღებს, რაც გადამხდელი მომხმარებლების რაოდენობრივ ზრდაზე და მათგან მომავალ ინტერესზე მიუთითებს — ამ გზით, გასულ წელს, Telegram-მა $292 მილიონის შემოსავალი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი საფრანგეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ 2024 წელს დააკავა. პროკურატურა მილიარდერს თორმეტ დანაშაულს ადანაშაულებს, რომელთა შორის ტერორიზმის ხელშეწყობას, ბავშვების ტრეფიკინგს და სექსუალური შინაარსის კონტენტის არალეგალურ გავრცელებას ვხვდებით. საფრანგეთის პროკურატურაში ამბობენ, რომ სასამართლო პროცესი სულ მცირე ერთი წელი არ შედგება. დანაშაულები, რომლებიც პაველ დუროვს ბრალად ედება, საკმაოდ მძიმეა და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ მიდგომას, რომელიც Telegram-ის დამფუძნებელს მისი პლატფორმის მიმართ დაკავებამდე ჰქონდა.




























