მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის პაველ დუროვი და რატომ დააკავეს ის საფრანგეთში?

პაველ დუროვი

ადამიანს, რომელსაც ამ სტატიის გარეკანზე ხედავთ, პაველ დუროვი ჰქვია და თავის დროზე, მას რუს მარკ ზაკერბერგად მოიხსენიებდნენ, რადგან დუროვმა შექმნა ის, რასაც რუსულენოვანი ინტერნეტის, ანუ “რუნეტის” Facebook-ად მოიხსენიებენ. თუმცა ამერიკელ კოლეგასთან შედარება ერთადერთი ფაქტორი არ არის, რომელიც პაველ დუროვს სხვა ანტრეპრენიორებისგან გამოარჩევს. რეალურად, პაველ დუროვი მარკ ზაკერბერგს ისევე ჰგავს, როგორც ილონ მასკს. ორივე მილიარდერია, ორივე სიტყვის თავისუფლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ორივე მათგანი მამაა, ოღონდ თუ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს თორმეტი შვილი ჰყავს, დუროვის შვილების რაოდენობა ასეულებში იზომება.

დედამიწის მოსახლეობის გამრავლებაზე ზრუნვა, ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლების გარანტორობა, ცხადია, დუროვის ცხოვრებაში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ანტრეპრენიორმა მისი ცხოვრების მთავარი პროექტი - Vkontakte შექმნა. კომპანია, რომელიც პაველ დუროვმა 2006 წელს დააფუძნა, უკიდეგანო მასშტაბებამდე გაიზარდა და რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის და სხვა მსგავსი რუსულენოვანი ქვეყნების მოსახლეობა ისე გააერთიანა, როგორც ამ ქვეყნებში არასდროს არავის უნახავს. თუმცა დიდ მასშტაბებამდე გაზრდა, როგორც ცნობილია, ანტრეპრენიორობის ნაკლებად მოყვარულ რუსეთში ყოველთვის პოლიტიკურად სრულდება და ასე იყო პაველ დუროვის Vkontakte-ს შემთხვევაშიც.

პაველ დუროვის "რუსული დაღმასვლა" 2013 წელს დაიწყო, როცა მაიდანის პროტესტებში მონაწილე ადამიანებმა კიევში პროტესტების დასაგეგმად Vkontakte-ს გამოყენება დაიწყეს. პროტესტში ჩართული ადამიანების პირად მონაცემებს, ცხადია, ნებისმიერი ძალადობრივი რეჟიმისთვის ოქროს ფასი აქვს. ასე ფიქრობდნენ მოსკოვშიც, საიდანაც დუროვს დაურეკეს და უთხრეს, უკრაინის მოქალაქეების პირადი მონაცემები მოგვეციო. დუროვმა ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა, რამაც კრემლის მაღალ ეშელონებში და, შესაბამისად, კომპანიაში, მისი პოზიციები შეარყია. დუროვმა Vkontakte-ს წილი საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად გაყიდა და რუსეთიდან წავიდა. დღეს, Vkontakte-ს რუსეთის ხელისუფლება აკონტროლებს.

წარმატებული ბიზნესის შექმნით მოწამლული და ენერგიით აღვსილი დუროვი, ცხადია, სახლში ვერ დაჯდებოდა, რამაც მას კიდევ ერთი სოციალური ქსელის - Telegram-ის შექმნისკენ უბიძგა. Telegram-ი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის ბაზირებული, ძალზე საინტერესო კომპანიაა, რადგან სრულ განაკვეთზე იქ მხოლოდ 50 ადამიანი მუშაობს. არადა, კომპანიას 900 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, თანაც მთელ მსოფლიოში. ბოლო წლებში, Telegram-ი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სოციალურ ქსელად იქცა, რომელსაც იყენებენ, როგორც ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ, ასევე, ახალი ამბებისა და მნიშვნელოვანი განცხადებების გასავრცელებლად.

როგორც დუროვი ამბობს, Telegram-ის შექმნისკენ მას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამოცდილებამ უბიძგა. პაველ დუროვს და მის ძმას, ნიკოლაის, რომელიც Telegram-ის და Vkontakte-ს მთავარი შემოქმედია, ისეთი სოციალური ქსელის შექმნა სურდათ, რომელიც აბსოლუტურად ყველა ხელისუფლების კლანჭებისგან იქნებოდა თავისუფალი. ასე შეიქმნა Telegram-ი, რომელიც, დუროვის შეფასებით, ყველაზე დაცული სოციალური ქსელია პლანეტაზე. ასე დუროვი იმიტომ ფიქრობს, რომ Telegram-ის მომხმარებლების პირად მონაცემებს ვერასდროს ვერავინ მიიღებს, მაგრამ ტექნოლოგიურად, ვითარება მცირედით განსხვავებულია.

Telegram-ის მსგავსი სოციალური ქსელების უმეტესობა, მათ შორის Signal-ი და Messenger-ი ორმხრივადაა დაშიფრული, რაც ნიშნავს, რომ მესიჯისა თუ ზარის შინაარსი მხოლოდ იმ მხარეებისთვის არის ხელმისაწვდომი, რომლებიც საუბარში მონაწილეობენ, ანუ საუბრის შინაარსი არც Signal-ის მესვეურებმა იციან და არც მარკ ზაკერბერგმა. თან, ეს ფუნქცია იმდენად მნიშვნელოვანი და ტექნოლოგიურად რთულია, რომ მისი შეცვლა შეუძლებელია. Telegram-ზე კი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩატი ორმხრივად დაშიფრული არ არის - ამ ფუნქციის გააქტიურება, მართალია, შესაძლებელია, მაგრამ მომხმარებელთა უმეტესობა მას არასდროს იყენებს. ამგვარად, პაველ დუროვის 50-კაციანი გუნდის წევრები ძალიან ნათლად ხედავენ ყველაფერს, რაც Telegram-ში ხდება.

გამოდის, რომ პაველ დუროვმა იცის, რომ Telegram-ის მომხმარებლებს შორის ნარკომოვაჭრეები, ტერორისტები და სხვა კრიმინალები არიან, მაგრამ ამის შესახებ არაფერს აკეთებს, მათ შორის არც მაშინ, როცა მის კარზე რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება დააკაკუნებს. აი, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ პაველ დუროვი, რომელიც რუსეთის, საფრანგეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების პასპორტს ფლობს, საფრანგეთში დააკავეს. პარიზის ლე ბუღჟეს აეროპორტში დუროვი საკუთარი თვითმფრინავით ჩავიდა, სადაც მილიარდერი დააკავეს, მაგრამ, მოგვიანებით, €5-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა საფრანგეთის დატოვება აუკრძალეს.

ოფიციალურად, პაველ დუროვს საფრანგეთის ხელისუფლება თორმეტ დანაშაულს აბრალებს, რომელთა შორის ტერორიზმის ხელშეწყობას, ბავშვების ტრეფიკინგს და სექსუალური შინაარსის კონტენტის არალეგალურ გავრცელებას ვხვდებით. დანაშაულები, რომლებიც პაველ დუროვს ბრალად ედება, საკმაოდ მძიმეა და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ მიდგომას, რომელიც Telegram-ის დამფუძნებელს მისი პლატფორმის მიმართ აქვს, რადგან საქვეყნოდ ცნობილია, რომ Telegram-ში ფაქტობრივად, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რაც ადამიანს მოაფიქრდება.

როგორც პაველ დუროვი ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტავს, ის ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და საკუთარი ავტომობილიც კი არ ჰყავს. მეტიც, პაველ დუროვი ორად-ორ ფინანსურ აქტივს ფლობს, ესენია - Telegram-ის აქციები და ბიტკოინი. როგორც მილიარდერი ამბობს, გამდიდრება მიზნად არასდროს დაუსახავს, პირიქით - ერთადერთი რაც უნდოდა, თავისუფლება იყო, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვა ადამიანებისთვის. საფრანგეთში მიმდინარე გამოძიება პაველ დუროვის ამ ფილოსოფიას, სავარაუდოდ, ნათელს მოჰფენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები