რუსი ანტერპრენიორის, პაველ დუროვის მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმა Telegram-ი ძალიან სწრაფად იზრდება, რისი დასტურიც კომპანიის 900-მილიონიანი სამომხმარებლო ბაზაა.
2021 წლის შემდეგ, Telegram-ი თითქმის ორჯერ გაიზარდა. სამომხმარებლო ბაზის ზრდისა და კომპანიის მიერ ორი წლის წინ დანერგილი კომერციული მოდელის დახმარებით, Telegram-ი დიდ შემოსავალსაც აგენერირებს და როგორც დუროვი ამბობს, მომავალ წელს, კომპანია მოგებაზე გავა.
თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა Telegram-ის შეფასება. როგორც პაველ დუროვმა Financial Times-თან განაცხადა, ინვესტორები მზად არიან კომპანიაში ინვესტიცია $30-მილიარდიანი შეფასებით განახორციელონ, მაგრამ კომპანიის წილის გასხვისებას დუროვი მანამ არ გეგმავს, სანამ არ გაირკვევა, დაილისტება თუ არა Telegram-ის აქციები საფონდო ბირჟაზე. თავად ამ ფაქტს კი, დუროვი განსხვავებულად უდგება და ამბობს, რომ საფონდო ბირჟაზე განთავსება Telegram-ის დემოკრატიზაციას შეუწყობს ხელს.
თავად Telegram-ი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის ბაზირებული, ძალზე საინტერესო კომპანიაა, რადგან სრულ განაკვეთზე იქ მხოლოდ 50 ადამიანი მუშაობს. ბოლო წლებში, Telegram-ი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სოციალურ ქსელად იქცა, რომელსაც იყენებენ, როგორც ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ, ასევე ახალი ამბებისა და მნიშვნელოვანი განცხადებების გასავრცელებლად.
თავად პაველ დუროვზე კი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავის დროზე, მას რუსეთის მარკ ზაკერბერგად მოიხსენიებდნენ, რადგან რუსულენოვანი ინტერნეტის, იგივე რუნეტის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი VK სწორედ მან დააფუძნა. წლების წინ, პაველ დუროვი რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და დუბაიში გადასახლდა. როგორც პაველ დუროვი ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტავს, ის ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და საკუთარი ავტომობილიც კი არ ჰყავს. მეტიც, პაველ დუროვი ორად-ორ ფინანსურ აქტივს ფლობს, ესენია - Telegram-ის აქციები და ბიტკოინი.