მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაველ ჰერჩინსკის მიმართვა ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე

პაველ ჰერჩინსკი
09.05.24 20:38
113

რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილი გალა მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ უმასპინძლა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე, საზოგადოებას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ყოველწლიურად, ევროპის დღეს, ჩვენ ვზეიმობთ ევროინტეგრაციის საოცარი გზის, განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე, მაგრამ საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით დაკავშირებული 27 ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ კავშირს.

საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.

შარშან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მართლაც ამაღელვებელი ეროვნული დღესასწაულის მოწმე გავხდი. დავინახე ყველა თაობის და წრის ადამიანები მათთვის და მათი ოჯახებისთვის მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო მომავლის იმედით სავსე.

ვამაყობდი, რომ ამ არაჩვეულებრივი მომენტის მონაწილე ვიყავი და არა მარტო ყველა პოლიტიკურ ლიდერს არამედ, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას, ეს ისტორიული მიღწევა გულწრფელად მივულოცე.

სწორედ ამიტომ, დღეს, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა.

როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს.

ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არ გაუშვათ ის ხელიდან.

ჩვენ გელოდებით. გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს. გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი კავშირის ნაწილი, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს ამაყ ხალხს, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერი და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს იზიარებს.

ევროკავშირი ამაყობს თავისი მრავალფეროვნებით და მისი ყველა წევრი ქვეყნის უნიკალურ ისტორიასა და კულტურას სათუთად უფრთხილდება. გვინდა, რომ საქართველო თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.

რუსთაველის ულამაზესი თეატრის შემხედვარე, ვხედავ ჩვენ პარტნიორებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. ვხედავ მუსიკოსებს, პოეტებს, მოსამართლეებს, ექიმებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს. თქვენი ქვეყნის, საქართველოს, კეთილდღეობით აღსავსე და მშვიდობიან ევროპულ მომავალში შეტანილი წვლილისთვის და თქვენი თავდადებისთვის მინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ.

ძალა ერთობაშია! ჩვენ გვჯერა თქვენი. საქართველოს შეუძლია ეს გვერდი გადაფურცლოს და ევროკავშირის წევრობისკენ სვლა გააგრძელოს. დრო ჯერ კიდევ არის!

ძალიან მკაფიო ვიქნები: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე.

დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ.
დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნება მიბოძეთ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს, საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს და მოწვეულ ხელოვანებს დღევანდელი მუსიკალური საჩუქრისთვის. ისიამოვნეთ საოცარი შესრულებით. გილოცავთ ევროპის დღეს", - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები