წამყვანმა ამერიკულმა ფინტექ კომპანია PayPal-მა შტატების სავალუტო ტრანზაქციის ზედამხედველობის ოფისს საბანკო ლიცენზიისთვის საჭირო ქარტიის მიღების თხოვნით მიმართა. ამ გადაწყვეტილებით ციფრული ფინანსური სექტორის გიგანტი მიზნად შესაძლებლობების გაფართოებას და ტრადიციული სერვისების შეთავაზებას ისახავს. კერძოდ, თუ PayPal-ი თანხმობას მიიღებს და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ოფიციალურ ბანკად ჩამოყალიბდება, შეეძლება მომხმარებლების დეპოზიტების შენახვა, ასევე სასესხო მომსახურების გაწევა. რაც მთავარია, ის აღარ იქნება დამოკიდებული შუამავალ პარტნიორებზე, რომელთა გარეშეც სრულყოფილად ვერ იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ PayPal-ის გადაწყვეტილებას წინ შტატების მარეგულირებლის მხრიდან ფინტექ სექტორის მიმართ დამოკიდებულების მკვეთრი ცვლილება უძღოდა. ამ მხრივ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, როგორიცაა იმ ბარიერების შემცირება, რომელთა სიმრავლეც ციფრულ ბანკებს ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების სურვილს უკარგავდა. PayPal-ში აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის კონკურენტუნარიანობას გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდის და მისცემს საშუალებას, რომ იყოს მოთხოვნადი არამარტო ციფრულ, არამედ ტრადიციულ სექტორებშიც.
ცნობისთვის, ფინტექ კომპანია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას აქამდე კატეგორიულად გამორიცხავდა და ბაზარზე მხოლოდ ციფრული სერვისების მიმართულებით ოპერირებდა. საქმიანობის გაგრძელებისთვის ის ეტაპობრივად იღებდა იმ სახელმწიფო ლიცენზიებს, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოთხოვნის გათვალისწინებას ავალდებულებდა. პარალელურად კი, PayPal-ს შუამავალი ბანკების მოთხოვნების გათვალისწინებაც უწევდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებით ის შეიძლება სრულად გათავისუფლდეს მსგავსი გამოწვევებისაგან. კომპანიაში აცნობიერებენ, რომ ტრადიციულ ბანკად გადაქცევა PayPal-ზე სახელმწიფო ზედამხედველობას გაამკაცრებს, ამასთან, მათ კაპიტალთან დაკავშირებით მეტი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის უპირატესობები, რაც ხარჯებზე და პროდუქტების განვითარებაზე უკეთეს კონტროლს მოაქვს, აბალანსებს ვითარებას.




























