გადახდების გლობალური პლატფორმა Stripe-ი ციფრული ტრანზაქციების პიონერის, PayPal-ის ან მისი ცალკეული აქტივების სრულად შესყიდვას განიხილავს.
ამ ინფორმაციამ განსაკუთრებული ყურადღება იმის ფონზე მიიქცია, რომ თებერვლის დასაწყისში კომპანიამ მკვეთრად უარყოფითი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რის გამოც თანამდებობა აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს კრისმაც დატოვა.
ანალიტიკოსების შეფასებით, 2000-იანების დასაწყისში ჩამოყალიბებული ფინტექ კომპანიის ამგვარი დაღმასვლა და შესაძლო შეძენა Stripe-ის მხრიდან პირდაპირაა დაკავშირებული ბაზარზე კონკურენტების სერიოზულ გაძლიერებასთან. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ PayPal-ის ციფრული გადახდების სერვისები, მეტწილად უკვე აითვისეს Apple-მა და Google-მა. შესაბამისად, მესამე რგოლის არსებობამ ტექ-კომპანიებსა და მომხამრებლებს შორის მეტწილად აზრი დაკარგა.
ფინტექ ინდუსტრიის პიონერის შესაძლო გაყიდვის შესახებ ცნობების გავრცელებას მალევე მოჰყვა მისი აქციების ფასის 7%-ით ზრდა. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ თუ ცუდ მდგომარეობაში მყოფ კომპანიას გაცილებით ძლიერი მოთამაშე შეიერთებს, ეს მას მომავალში შესაძლო გაკოტრებისაგან იხსნის. ამჟამად აქციონერები პოტენციური გარიგების შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებას ელოდებიან, თუმცა როგორც PayPal-ი, ისე Stripe-ი, დოკუმენტების გავრცელებისაგან თავის იკავებენ. ცნობისთვის, Stripe-ის საბაზრო ღირებულება ამჟამად $159 მილიარდ დოლარს შეადგენს, თავად PayPal-ის კაპიტალიზაცია $40 მილიარდ დოლარამდეა დაკლებული.
შეგახსენებთ, 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბებული ფინტექ კომპანია პოსტ-პანდემიურ პერიოდში გაჩენილი კონკურენციის ფონზე მნიშვნელოვნად შესუსტდა, რადგან მან ვერ მოახერხა მომხმარებლისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გარიგება, მომგებიანი იქნება, როგორც PayPal-ისთვის, ისე Stripe-ისთვის, რადგან ერთი მუდმივი კრიზისის მდგომარეობიდან გამოვა, მეორე კი გლობალური ციფრული გადახდების ინდუსტრიის დომინანტი გახდება.



























