არსებული მდგომარეობით, საქართველოს სკოლებში სულ 58,870 პედაგოგი ასწავლის, საიდანაც 49,785-მა მასწავლებელმა გამოცდების და სხვა აქტივობების გზით შეძლო და ნაწილობრივ/სრულად დაადასტურა საკუთარი კომპეტენცია, თუმცა 6,780-მა პედაგოგმა საკუთარ საგნობრივ გამოცდაში კომპეტენცია ვერ დაადასტურა და მათ “პრაქტიკოსი მასწავლებლის” სტატუსი გაუუქმდათ. ეს საქართველოში პედაგოგების მთლიანი რაოდენობის 11.5%-ია.
რეფორმების 10 წელი - როგორ მიმდინარეობდა და იცვლებოდა პედაგოგთა სერტიფიცირების პროგრამა
მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი 2010 წელს დაიწყო და ის თავდაპირველად ნებაყოფლობითი იყო. პედაგოგებს გამოცდების ჩაბარების შედეგად უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიღება და ამ გზით, საკუთარი ანაზღაურების გაზრდა შეეძლოთ. 2015 წელს განათლების სამინისტრომ მიიღო დადგენილება, რომლითაც იმ პედაგოგებისთვის, რომლითაც უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, მიენიჭათ პრაქტიკოსი პედაგოგის სტატუსი და განესაზღვრათ მაქსიმუმ ოთხწლიანი (3 წელი + 1 პილოტირების წელი) ვადა შემდგომი სტატუსის მოსაპოვებლად.
სტატუსის მოსაპოვებლად, სხვა აქტივობებთან ერთად, პრაქტიკოს მასწავლებლებს ჰქონდათ ვალდებულება, ჩაებარებინათ საგნის გამოცდა, რაც საკუთარ საგანში 60%-ზე მაღალი ქულის აღებას გულისხმობდა.
2017 წელს პირობები კიდევ ერთხელ შეიცვალა. პედაგოგებს მიეცათ საშუალება, კომპეტენცია დაედასტურებინათ თუ ტესტური დავალების მაქსიმალური ქულის 30%-ს მაინც გადალახავდნენ. ამით პედაგოგს ენიჭებოდა 1 კრედიტქულა, დანარჩენი კრედიტების შევსება კი მათ სხვა აქტივობებში, თავად სკოლის შეფასების შესაბამისად მიენიჭებოდათ.
შესაბამისად, ზღვარი, რაც 2010-2016 წლებში 60%-ზე მეტი ქულის აღებას გულისხმობდა, ფაქტობრივად, 30%-მდე შემცირდა. იმისთვის, რათა პედაგოგმა კომპეტენცია დაადასტუროს, მას 19 კრედიტის მოპოვება ესაჭიროება. კრედიტები მოიცავს როგორც საგამოცდო, ასევე სასკოლო აქტივობების შეფასებებს. კერძოდ:
თუკი მასწავლებელი გამოცდაზე აიღებს 30%-დან 40%-მდე, მას 1 კრედიტი ენიჭება, დანარჩენ კრედიტებს კი სხვა აქტივობებით ივსებს. თუკი ის გამოცდაზე აიღებს 40%-დან 50%-მდე ქულას, მას 4 კრედიტი ენიჭება, დანარჩენ კრედიტებს კი სხვა აქტივობებით ივსებს; თუკი 50%-დან 60%-მდე ქულას აიღებს მას 7 კრედიტი ენიჭება, დანარჩენ კრედიტებს კი სხვა აქტივობებით ივსებს, ხოლო თუკი 60%-ზე მეტი ქულას აიღებს გამოცდაზე მას 10 კრედიტი ენიჭება. ამასთან გამოცდის 60%-ზე მეტ ქულაზე ჩაბარება ავტომატურად ითვლება, რომ მათ საგნობრივი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. იმ პედაგოგებს, რომლებიც გამოცდაზე 30%-ზე ნაკლებ ქულას იღებენ, არ აქვთ შესაძლებლობა კომპეტენცია სხვა სასკოლო აქტივობებით დაადასტურონ.
2020 წლის იანვრის მდგომარეობით, პრაქტიკოსი მასწავლების სტატუსის მქონე პედაგოგი სისტემაში აღარ უნდა ყოფილიყო, რის გამოც, 2019 წლიდან სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლებიც იქამდე წელიწადში ერთხელ იმართებოდა, ორჯერ ჩატარდა.
პედაგოგთა ნაწილმა ამ პროცესით სტატუსის ამაღლება შეძლო, თუმცა სისტემაში ათასობით პრაქტიკოსი მასწავლებელი კვლავ რჩებოდა. ამის გამო, განათლების სამინისტრომ კიდევ ერთხელ შეცვალა პირობები. იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და 2020 წლის 30 აპრილმდე დარეგისტრირდნენ გამოცდაზე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად, მიეცათ შესაძლებლობა, კვლავ ნაწილობრივ დაედასტურებინათ კომპეტენცია და დანარჩენი კრედიტები სხვა აქტივებობებით შეევსოთ. პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ ამ გზით 5,000-მა პედაგოგმა გაიარა პროცესი.
ასევე იმ იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და არ მიეცათ 2020 წლის ზაფხულში გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა (არსებული პანდემიური მდგომარეობის გამო), გაუხანგძლივდათ სკოლაში საქმიანობის პერიოდი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე.
სამინისტროს განმარტებით, იმის გამო, რომ 2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდები ჩატარდა პანდემიურ გარემოში, სისტემაში კვლავ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და დარეგისტრირებულნი იყვნენ გამოცდაზე და ზემოაღნიშნული გზით ვერ შეძლეს 19 კრედიტქულის მოპოვება, შეუწყდათ სტატუსი, თუმცა საშუალება მიეცათ, საქმიანობა გაეგრძელებინათ 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლომდე.
ამ ცვლილების შედეგად, პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს. სამინისტროს განმარტებით, თუკი ამ კონკურსის შედეგად, ვაკანტური პოზიცია ვერ შეისვო, სკოლა უფლებამოსილია, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე, ვაკანსიის შევსებამდე.
ჩაჭრილი პედაგოგების პროტესტი
პარასკევს, პედაგოგებმა, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კანონის შეცვლას და პედაგოგის სტატუსის შენარჩუნებას ითხოვდნენ, რისთვისაც მათ პარლამენტის განათლების კომიტეტს მიმართეს.სამინისტრო კიდევ ერთ დათმობაზე მიდის
9 დეკემბერს განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უწყება პედაგოგთა სერტიფიცირების პროგრამაში კიდევ ერთხელ შეიტანს ცვლილებებს: სამინისტრო ბოლო ორი თვის განმავლობაში აქტიურად გადიოდა კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირთან და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან. შედეგად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შემდეგი ცვლილებები შევა:
“იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და რჩებიან სისტემაში.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და დარჩებიან სისტემაში.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები,” - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.