საგანმანათლებლო პროგრამებში კრედიტების რაოდენობის ცვლილება მხოლოდ 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ ბაკალავრიატის სტუდენტებზე გავრცელდება. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე მიმართა.
საქმე ეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში გასული წლის დეკემბერში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული ცვლილებებით ახლებურად განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობა და მათი სავალდებულო გავრცელება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ ყველა სტუდენტზე – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.
თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, რეგულაციის პრაქტიკული იმპლემენტაცია მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის, განსაკუთრებით მაგისტრატურის სტუდენტებთან მიმართებით.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, სტუდენტები უკვე სწავლობენ მოქმედ აკრედიტებულ პროგრამებზე, სადაც კვლევითი კომპონენტები პირველივე სემესტრშია ინტეგრირებული. მათ უკვე ათვისებული აქვთ პირველი სასწავლო წლის 30 კრედიტი, ხოლო მიმდინარე საგაზაფხულო სემესტრი დაგეგმილია არსებული კურიკულუმების შესაბამისად.
„აღნიშნულის გათვალისწინებით პრობლემურია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტაცია შეცვლილ კრედიტების რაოდენობასთან“, – აცხადებენ სამინისტროში.
რაც შეეხება დოქტორანტურას, სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულ საფეხურზე კრედიტების რაოდენობა არ შეცვლილა და პროგრამის ხანგრძლივობა კვლავ არანაკლებ 3 წელს შეადგენს.
ამასთან, უწყებაში მიიჩნევენ, რომ ზოგადი ფორმულირების გავრცელება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ დოქტორანტებზე როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად დაუსაბუთებელია.
შესაბამისად, სამინისტრო პარლამენტს სთავაზობს, ცვლილება შეეხოს მხოლოდ ბაკალავრიატის საფეხურს და არ გავრცელდეს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებზე.




























