მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pegasus-მა ანკარის მიმართულებით შესაძლოა სიხშირე გაზარდოს - GASA

6347d24d373a7
მარიამ ვარადაშვილი
13.10.22 15:58
566
ნოემბრიდან ბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ მიმართულებას ამატებს. “გასას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი შენგელიას განცხადებით, რომელიც საქართველოში ავიაკომპანიას წარმოადგენს, როგორც წესი ავიაკომპანია ახალ მიმართულებას ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ამატებს. მისივე თქმით, ანკარა Pegasus-თვის მზარდი ჰაბია, რადგან სტამბოლის აეროპორტმა ამ ეტაპზე საკუთარი რესურსი ამოწურა.

“ზოგადად ავიაკომპანიას ახასიათებს რეგულარული რეისის მომზადება ზამთრის სეზონიდან, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ ნებისმიერ რეისს “ასაგორებლად” დრო სჭირდება, ხოლო ყველაზე კარგი პერიოდი თვითმფრინავის დასაკავებლად ის პერიოდია, როცა ტარიფები შეიძლება დაბალი იყოს და დაბალი ფასი მგზავრთა ნაკადის მოზიდვის კუთხით მნიშვნელოვანია. ამიტომ, Pegasus ყოველთვის ასე იქცევა ხოლმე და როცა 12-თვიან რეგულარულ რეისს იწყებს, ამას ზამთრის სეზონზე აკეთებს. თავდაპირველად, კვირაში ორი სიხშირე იქნება, თუმცა ვემზადებით, რომ ეს ყოველდღიურ მიმართულებად იქცეს. ეს შესაძლოა წელსვე მოხდეს ან რამდენიმე წელი დასჭირდეს”,-აცხადებს შენგელია.

2021 წელს თურქული ბიუჯეტური კომპანია თითქმის 192 ათას მგზავრს მოემსახურა და საქართველოს საავიაციო ბაზრის 8% დაიკავა.

“Pegasus-თვის პოსტპანდემიური პერიოდი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგანაც ქალაქიდან-ქალაქში შემცირებული მგზავრების ფონზე, ჰაბური პრინციპით მომუშავე ავიაკომპანიებმა მომხმარებელს უფრო მეტი მოქნილობა შესთავაზეს. შესაბამისად, უფრო შემცირებულ მგზავრთნაკადში იმ ავიაკომპანიებმა მიაღწიეს წარმატებას, რომელთაც საკუთარი ხარჯების კონტროლი უკეთ შეეძლოთ. ამასთან, ჰაბური პრინციპით მგზავრთა შედარებით დაბალ ფასად გადაყვანა შეეძლოთ. ჩვენმა ავიაკომპანიამ ასევე მოახერხა ხარჯების სხვა მიმართულებით დაზოგვა და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ავიაგადაზიდვა გაძვირებულია და ასეთი ძვირი ავიაბილეთები ჩვენს ბაზარზე არასდროს ყოფილა, Pegasus მაინც ახერხებს სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით კონკურენტული ფასების შენარჩუნებას, რაც მომხმარებლების მხრიდან ფასდება”,-აცხადებს გიორგი შენგელია.

მისივე თქმით, 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების ოდენობით Pegasus 2019 წლის მაჩვენებელზე გავიდა. რაც შეეხება 2022 წლის მაჩვენებელს, 8 თვის მონაცემებით, გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, მესამე ადგილზეა. ის ჯამში თითქმის 252 ათას მგზავრს მოემსახურა.

“შექმნილ სიტუაციაში Pegasus-ის მოდელი საფასო პოლიტიკისა და ფრენების გეოგრაფიის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა”,-აცხადებს შენგელია “საქმიან დილაში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები