იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტში „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც იზრდება იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის უფლებამოსილებები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გიორგი დგებუაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება და არა „პენიტენციური კოდექსით". ასევე, ზოგიერთ საკითხზე გადაწყვეტილებებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მიიღებს, ნაცვლად, იუსტიციის მინისტრისა.
მისივე თქმით: „პენიტენციურ კოდექსში“ და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში სახელდებით აღარ იქნება მოხსენიებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეული; პენიტენციურ სფეროსთან დაკავშირებული ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მსგავსად, პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებსაც იუსტიციის მინისტრი პირდაპირ სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინების გარეშე დაამტკიცებს.
კანონპროექტი ცვლის ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გარკვეულ უფლებრივ საკითხებსაც. მათ შორის, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს ექნებათ შესაძლებლობა გამოცდების ჩაბარების მიზნით დროებით დატოვონ პენიტენციური დაწესებულება. ცვლილება ეხება ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო და ექსტერნატის გამოცდებს.
პროექტით ასევე ზუსტდება პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების წესი. ბრალდებულს დაწესებულების დატოვება შეეძლება ახლო ნათესავის გარდაცვალების, მძიმე ავადმყოფობის, სხვა განსაკუთრებული გარემოების ან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით.
ცვლილებები ეხება თანამშრომელთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასაც. პროექტის მიხედვით, მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებაც, თუ ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ იწვევს. ასევე იკრძალება სამსახურში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. მათ შორის, გენერალურ დირექტორს ექნება უფლება განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანოს მოსამსახურეები და სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეულ თანამშრომლებს სამსახურის ვადა 5 წლამდე გაუგრძელოს.
ცვლილებების ნაწილი ტერმინოლოგიურ დაზუსტებებს ეხება. მაგალითად, კოდექსში სიტყვა „დამცველი“ ჩანაცვლდება ტერმინით „ადვოკატი“, ხოლო „საბადრაგო ჯგუფი“ — „ესკორტირების ჯგუფით“.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კოდექსის ცალკეულ ნორმებში, რომლებშიც გარკვეული მოქმედებების განხორციელების ვადები დღეების სახით არის მითითებული, არ არის დაზუსტებული შესაბამისი დღეების სპეციფიკა - სამუშაოა თუ კალენდარული.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ვადებთან მიმართებით პრაქტიკაში ერთგვაროვანი მიდგომებია, მიზანშეწონილად ჩაითვალა ამ საკითხის დაზუსტება. აქედან გამომდინარე, კოდექსის 20-ზე მეტ მუხლში ზუსტდება ვადების სახით განსაზღვრული შესაბამისი დღეები იმ პრინციპით, რომ სამუშაო დღეებად განისაზღვრება ის ვადები, რომლებიც მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციული სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებას უკავშირდება, ხოლო სხვა შემთხვევაში - კალენდარულ დღეებად. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში ვადის არსის გათვალისწინებით, დღე განისაზღვრება, ზუსტდება დღე-ღამის სახით, როგორც ეს პრაქტიკაშია დამკვიდრებული. დაზუსტებები არ გააუარესებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას და შეესაბამება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამ ვადების გამოყენების პრაქტიკას “, - აღნიშნა გიორგი დგებუაძემ.
კანონპროექტი ასევე ადგენს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა პროცედურისთვის განსაზღვრული ვადები მკაფიოდ გაიმიჯნოს სამუშაო და კალენდარულ დღეებად. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს პრაქტიკაში არსებული ერთგვაროვანი მიდგომების სამართლებრივ დაზუსტებას ემსახურება.
დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის მიღება დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს არ გამოიწვევს და არც სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს შექმნის.




























