მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პენსიების ზრდისთვის ₾285 მლნ-ია განსაზღვრული“ - რამდენით გაიზრდება პენსია 2022 წლიდან?

615ac6e50d24e
ვიქტორია მღებრიშვილი
04.10.21 13:28
4400
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ბიუჯეტში 2022 წლიდან პენსიების ზრდისთვის 285 მლნ ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა თქვა, მომდევნო წლიდან ასაკის მიხედვით პენსია 20-25 ლარით გაიზრდება. ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ პენსიის ზრდას კანონი არეგულირებს და ბიუჯეტში ამისთვის განსაზღვრული თანხა შეიძლება დაკორექტირდეს.

„პენსიებთან მიმართებით არსებობს კანონი, რომელიც პენსიის ზრდას ყოველწლიურად არეგულირებს და ეს კანონი განსაზღვრავს როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული ზრდა. აღნიშნული კანონის შესაბამისად პენსიების ზრდისთვის ბიუჯეტში 285 მლნ ლარია გათვალისწინებული. ასაკის შესაბამისად ეს 20-25-ლარიანი ზრდაა. ეს არის 260-ლარიანი და 300-ლარიანი პენსიის ოდენობა, გარდა ამისა მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირები პენსიას 360 ლარის ოდენობით მიიღებენ.

ეს ის პარამეტრებია, რაც დღევანდელ დღემდე გვაქვს ხელმისაწვდომი. მას შემდეგ, რაც შემდგომი თვეების პარამეტრების ზუსტი ინფორმაცია გვექნება ამ პარამეტრების შესაბამისად მოხდება აღნიშნული კანონის ნორმების დაკმაყოფილება“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა. 

ცვლილებების თანახმად, ქვეყანაში პენსია ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად გაიზრდება და პენსიის ოდენობა პარლამენტში შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განისაზღვრება.

პენსიის ზრდის მეთოდი შემდეგნაირია: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის პენსია ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით გაიზრდება; ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით გაიზრდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები