ტრადიციულ გამაგრილებელ სასმელებსა და ხემსზე მოთხოვნის კლების ფონზე, PepsiCo-მ პრობიოტიკური სასმლის ბრენდი Poppi $1.95 მილიარდად შეისყიდა და “ჯანსაღი სასმელების” ბაზარზე შევიდა, რის შემდეგაც კომპანიის აქციები 1.6%-ით გაიზარდა - ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა.
ამერიკელი მომხმარებლებისგან გაზიანი სასმელების შედარებით ჯანსაღ ალტერნატივაზე მოთხოვნა მზარდია, რაც ფიტნესის მიმართულების პოპულარობის ზრდასთანაა დაკავშირებული. PepsiCo-ს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მისი კონკურენტი Coca-Cola-ს მიერ პრებიოტიკური გაზიანი სასმლის ბრენდის, Simply Pop-ის ხაზის განვითარებაც.
Poppi-ს შესყიდვით ჯანსაღი სასმელების კატეგორიაში PepsiCo-ს წარმომადგენლობა იზრდება, რის პარალელურადაც, ფასების მერყეობის გამო, კომპანიის წარმოების Lay’s-სა და გაზიან სასმელებზე მოთხოვნა არასტაბილურია და PepsiCo წლიური მოგების შემცირებას ელოდება.
ამასთან, გაზიანი სასმელების სეგმენტში პრობიოტიკური წვენი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორიაა. Poppi პრობიოტიკთან ერთად ხილის წვენსა და ვაშლის ძმარს შეიცავს, რის გამოც სასმელი დაბალკალორიულია და ერთი ულუფა 5 გრამზე ნაკლებ შაქარს შეიცავს.