კომპანია PepsiCo-მ Sandora-ს წვენების წარმოება უკრაინიდან საქართველოში, კერძოდ, გურიის სოფელ ნაბეღლავში გადმოიტანა. PepsiCo-სა და „წყალი მარგებელს“ შორის მოლაპარაკების პროცესსა და სამომავლო გეგმებზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „მარგებელი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მიხო სვიმონიშვილმა ისაუბრა.
„მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია: „ნაბეღლავის“ ჩამომსხმელი სს „წყალი მარგებელი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, კომპანია „მარნეული აგრო“ და სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“.
PepsiCo-სა და „წყალი მარგებელს“ შორის გარიგება რამდენიმე თვის წინ შედგა და ზაფხულიდან საქართველოს ბაზრისთვის და არა - მარტო, Sandora-ს წვენები „წყალი მარგებელი"-ს ქარხანაში იწარმოება.
წარმოების ხარისხის მაღალი სტანდარტი და სასმელების კატეგორიის წარმოების დიდი გამოცდილება ის ორი მთავარი მიზეზია, რატომაც PepsiCo-მ პარტნიორად „წყალი მარგებელი“ აირჩია, თუმცა მიხო სვიმონიშვილი ამ პარტნიორობას გარკვეულწილად, აფასებს როგორც უკრაინული ბრენდის დახმარებას.
„სამწუხაროა, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო, Sandora-ს ქარხანა დაიშალა; ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს გარიგება ჩვენი ჰოლდინგისთვის შანსი იყო; ეს გარკვეულწილად დახმარებაც არის უკრაინული ბრენდისთვის, რომ ბაზრიდან არ გაქრეს - ჩვენ შევძელით და შევთავაზეთ ჩვენი მომსახურება. PepsiCo-სთან მოლაპარაკების პროცესი, რა თქმა უნდა, რთული იყო; „წყალი მარგებელი"-ს ქარხანამ უამრავი შემოწმება წარმატებით გაიარა, რაშიც დარწმუნებული ვიყავი; ამაყები ვართ; შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ საქართველოშიც შეიძლება საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობა. მათი ნდობა დავიმსახურეთ; იმედია, ერთობლივად, წარმოებას ნელ-ნელა გავზრდით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ბაზრებისთვის“, - თქვა მიხო სვიმონიშვილმა.
ბიზნესმენის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში წარმოებული Sandora-ს წვენი ექსპორტზე აზერბაიჯანსა და სომხეთშიც გადის.
„ნელ-ნელა უფრო გავიცნობთ ერთმანეთს და გავზრდით წარმოებას; ასევე, სხვა ქვეყნების ბაზრებზეც გავალთ“, - დასძინა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში მიხო სვიმონიშვილმა ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების შემოყვანის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
PepsiCo პირველი საერთაშორისო კომპანია არაა, რომელთანაც „წყალი მარგებელი“ თანამშრომლობს. 2017 წლიდან, მიხო სვიმონიშვილის ბიზნესჯგუფმა ერთობლივი წარმოება ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილ მწარმოებელთან, კომპანია „რაუხთან“ დაიწყო.
„რაუხთან“ ერთად, ნაბეღლავში დიდი ქარხანა ავაშენეთ, სადაც პროდუქციას ვაწარმოებთ. ჩემი აზრით, ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი ფორმულა არის ე.წ. ჰაბის შექმნა და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვა, რაც 2017 წელს „რაუხთან“ პარტნიორობით შევძელით; ახლა მოვიდა PepsiCo-ც. ვფიქრობ, ძალიან ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ იმაში, რომ ვეწვიოთ საერთაშორისო კომპანიებს, პარტნიორებს და დავუმტკიცოთ, რომ საქართველო მათთვის როგორც გეოგრაფიულად, ისე ცოდნის კუთხით და შესაბამისად, ინდუსტრიისთვის საინტერესო ქვეყანაა“, - განაცხადა მიხო სვიმონიშვილმა.