მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პერიოდი, როცა მიკროსაფინანსო სექტორი სუპერ მოგებიანად იყო განხილული, ისტორიას ჩაბარდა - MBC-ის დირექტორი

ემბისი

მიკროსაფინანო სექტორის მოგება გაიზარდა. ბაზარზე მოქმედმა 34-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიმდინარე წლის სამ კვარტალში 99,6 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც გასული წლის სამი კვარტალის შედეგებს 10%-ით აღემატება.

სექტორის მოგებიანობას ძირითადად სალომბარდე სესხების ზრდა განაპირობებს. მისოების სასესხო პორტფელში ნახევარი სწორედ სალომბარდე სესხებს უჭირავს. სულ ლომბარდებიდან 947.5 მლნ ლარია გაცემული, 137 მლნ ლარით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხები, მესამეზე ვაჭრობის და მომსახურების დაკრედიტებაა.

სექტორის პორტფელი და მოგებიანობა იზრდება, თუმცა MBC-ის გენერალური დირექტორის შეფასებით, ზრდის ტემპი შენელებულია. გია პეტრიაშვილი ზრდის ტემპის შენელებას იმით ხსნის, რომ „ბაზარი უკვე შესულია გარკვეული სიმწიფის ფაზაში“.

„ზრდა ფიქსირდება, თუმცა ზრდის ტემპი შემცირებულია წინა წლებთან მიმართებით. ეს აიხსნება ჩემი აზრით იმით, რომ ბაზარი უკვე შესულია გარკვეული სიმწიფის ფაზაში და ჩვენ აღარ უნდა ველოდოთ მთლიანი სექტორის პორტფელის ძალიან სწრაფ ზრდას. ასევე მოგებიანობაც უკვე დასტაბილურდა და ის პერიოდი, როცა მიკროსაფინანსო სექტორი სუპერ მოგებიანად იყო განხილული და ზუსტად ამიტომ იზიდავდა ძალიან ბევრ მოთამაშეს და ნაწილი მათგანი არ იყო მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ეს დროც ისტორიას ჩაბარდა.

კარდინალური ცვლილებები ბოლო კვარტალში არ მომხდარა, ჩვენ ვხედავთ, რომ 2 მილიარდამდეა მთლიანი პორტფელი და აქედან თითქმის ნახევარი მოდის ოქროს ლომბარდის ტიპის სესხებზე. შეიძლება ითქვას, რომ ქართული მიკროსაფინანსო ბაზრის დომინანტი პროდუქტი გახდა ოქროს ლომბარდი, რაც თავისთავად მიკროსაფინანსო დაფინანსების იდეასთან მთლად ბოლომდე თავსებადი არ არის, რადგან მიკროსაფინანსოები მთელს მსოფლიოში აღიქმებიან როგორც სიღარიბესთან ბრძოლის, ბიზნეს აქტივობაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელშემწყობი მექანიზმი და ა.შ რა თქმა უნდა ოქროს ლომბარდი არ არის ის პროდუქტი, რომელიც რაიმე ბიზნეს აქტივობასთან შეიძლება გავაიგივოთ.

20% ავტო ლომბარდის ტიპის სესხებია, რაც ასევე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, ხოლო ვაჭრობა, მომსახურება და ბიზნეს აქტივობა ჩვენი საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 20%-ია, რაც ცოტაა, თუმცა ვერ ვხედავ რამ უნდა განაპირობოს ამ განაწილების ცვლილება“,-აცხადებს გია პეტრიაშვილი.

მიკროსაფინანსო სექტორში პორტფელის სტრუქტურის ცვლილება გაცილებით თვალსაჩინო გახდება მომავალი წლიდან, რადგან როგორც ცნობილია, ბაზრის ორ მსხვილი მოთამაშე „MBC“ და „კრისტალი“, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზიის მიღებას ელიან, რის შემდეგაც საბანკო სექტორში გადაინაცვლებენ. MBC-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ შედეგად მიკროსაფინანსო სექტორში ბიზნეს დაკრედიტების წილი კიდევ უფრო შემცირდება.

„ის ცვლილება, რაც დაგეგმილია, MBC-ის და კრისტალის გადაბარგება საბანკო სექტორში, ამ პროპორციას კიდევ უფრო გააუარესებს, რადგან ეს ორი კომპანია რამდენიმესთან ერთად ქმნის იმ ბიზნეს მიმართულების ლომის წილს, რაც მიკროსაფინანსო სექტორს მიეკუთვნება. სავარაუდოდ, ეს ტრანზაქცია მოხდება ან ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის პირველ თვეებში, რაც ნიშნავს, რომ მიკროსაფინანსო სექტორში ბიზნეს დაკრედიტების წილი კიდევ უფრო შემცირდება“,-აცხადებს გია პეტრიაშვილი.

2024 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. მათი ჯამური საკრედიტო პორტფელი 1.9 მლრდ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები