სარეკლამო შეტყობინების კანონდარღვევით გაგზავნის გამო 56 კომპანია დაჯარიმდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 1 მარტიდან დღემდე თანხმობის გარეშე სარეკლამო ხასიათის შეტყობინების მიღებაზე ათობით მომხმარებლის საჩივარი მიიღო, რაზეც მოკვლევა დაიწყო. სამსახურში ამბობენ, რომ დაჯარიმებულებს შორის არიან როგორც შუამავალი კომპანიები, რომლებიც უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო ბაზებით sms მარკეტინგულ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს, ისე კომპანიები, რომლებიც ამ სერვისებით სარგებლობენ.
მოსალოდნელზე მკაცრი მიდგომა ჰქონდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - გვიყვებიან დამსაქმებელთა ასოციაციაში. ასოციაციის იურისტის შეფასებით, ყველაზე მეტი ჯარიმა მათი წევრი კომპანიების შემთხვევაში მომხმარებლის მხრიდან მისაღები თანხმობის ფორმის შევსების დროს დაფიქსირდა. მისი თქმით, სამსახურს კარგი იქნებოდა რომ კომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე უფრო მსუბუქი მიდგომა ჰქონოდა.
“ჩანს რომ საკმაოდ მკაცრი მიდგომა აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. ჩვენს წევრებს მათ შორის, ვინც მარკეტინგული საქმიანობით არის დაკავებული იყო ინსპექტირება, შედგა გარკვეული სამართალდარღვევის ოქმები. ამ ოქმების ღირებულება დარღვევების რაოდენობასთან არის დაკავშირებული და კონკრეტული რიცხვები თქმა საკმაოდ რთულია, თუმცა ფაქტი შეიძლება მივუთითოთ ის რომ უმრავლესობას დაუდგინდა კანონთან შეუსაბამობა და დარღვევები. გასათვალისწინებელია, რომ დაჯარიმდნენ არა მხოლოდ მარკეტინგული მომსახურების განმახორციელებელი კომპანიები, არამედ დამკვეთებიც.
ძირითადი გამოწვევა დღეის მდგომარეობით არის ის რომ კომპანიებს უჭირთ გააცნობიერონ და დაადგინონ კანონთან შესაბამისად აქვთ თუა რა მომხმარებლების მხრიდან თანხმობა მოპოვებული. ძირითადი დარღვევები ზუსტად არასათანადო ფორმით მოპოვებული თანხმობების ნაწილში,”- ამბობს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი დავით კესარელი.