მარტიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდება, რომლის მიზანიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მონაცემთა სუბიექტის უფლებების გაზრდაა. ამის შესახებ ვრცლად „ქალების ნარატივში“ JG Counselor-ის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი შენგელიამ ისაუბრა.
„ 1-ლი მარტიდან ცვლილებების საფუძველზე კომპანიებში უნდა შეიქმნას ახალი საშტატო ახალი პოზიცია - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი“, რომელიც სავალდებულო ხდება საჯარო დაწესებულებებში იყოს ყველგან, ხოლო კერძო დაწესებულებებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიდი რაოდენობის მონაცემთა დამუშავება ხორციელდება. ამ პოზიციაზე კი კადრი უკვე პირველი ივნისიდან უნდა იყოს დანიშნული.“-აღნიშნა ნინი შენგელიამ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ძირითადი ფუნქციაა დაეხმაროს ორგანიზაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. მისი დანიშვნის ვალდებულება აქვთ, სადაზღვევო ორგანიზაციებს, ბანკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საჯარო დაწესებულებებს და ყველა იმ პირს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3 %-ის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს.
„მომართვიანობა არის უკვე ძალიან მაღალი. ეს არის საკითხი რომელიც აინტერესებს ყველას. არ არის აუცილებელი რომ ყველა კომპანიას ჰყავდეს შიდა კადრი, ეს შეიძლება იყოს აუთსორსინგ სერვისით ან ცალკე შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული კადრი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სამუშაო პროცესი იმდენად ყოველდღიური და მოცულობითია, რომ ამის შეთავსება არსებული კადრისთვის შეუძლებელია, შესაბამისად ახალი პოზიციის გაჩენა კერძო კომპანიებს ხარჯებსაც გაუზრდით,“- განაცხადა ნინი შენგელიამ.
კანონით მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა, უნდა შეიმუშაოს წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტი რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი მონაცემთა დამუშავების მიზნები, მონაცემთა სუბიექტების კატეგორიები, შენახვის ვადები, ვისთვის ხდება მონაცემთა გადაცემა და ა.შ. კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის მნიშვნელოვნად მკაცრდება პასუხისმგებლობაც. დადგენილი ჯარიმების ოდენობა განსხვავდება სამართალდარღვევის ტიპების მიხედვით და ძირითადად 1,000 – 6,000 ლარის ფარგლებში მერყეობს.