მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ დიპლომატიური მისიის დასრულებას გამოეხმაურა და იგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაზიანებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ყაზახეთში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც ურთიერთობების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა.

„თქვენ იცით, რომ ტრადიციულად საქართველოსა და გერმანიას შორის იყო ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები. ძალიან დიდი როლი შეასრულა გერმანიამ, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო და მაშინ გერმანია გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას და ასე გრძელდებოდა ურთიერთობები წლების განმავლობაში. პრინციპში, ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემობრუნდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მადლიერები ვართ გერმანიის წლების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო და დიდი სურვილი გვაქვს, რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, რასაც ვიყავით მანამდე მიჩვეული. სამწუხაროდ ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ურთიერთობებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა დღეს განაცხადა ქვეყანაში მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ. პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen“.

პიტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას 2022 წლის აგვისტოდან ასრულებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები