დღეს თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი იმართება, რომელსაც 300-მდე დელეგატი, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე საუდის არაბეთის სამთავრობო და ბიზნესდელეგაცია ესწრება. როგორც “პეტრა სი რიზორტის” დამფუძნებელი, გიორგი სვანიძე აღნიშნავს, ფორუმი ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო ურთიერთობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
“საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი ქვეყანაა, საქართველოთია დაინტერესებული. თქვენ იცით, რომ საუდის არაბეთიდან ყოველკვირეულად 48 ფრენა ხორციელდება საქართველოს მიმართულებით. ვფიქრობ, ასეთი ფორუმები უფრო გაზრდის ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებს, რითაც უფრო გაძლიერდება ქართული ეკონომიკა”, - ამბობს გიორგი სვანიძე.
BMG-ის კითხვაზე, კონკრეტულად რა სექტორებითაა საუდის არაბეთი საქართველოში დაინტერესებული და რას სთავაზობს მათ ჩვენი ქვეყანა, სვანიძე აღნიშნავს, რომ მათი ინტერესის სფეროებს ტურიზმი, უძრავი ქონება და ენერგეტიკა წარმოადგენს.
“საუდის არაბეთისთვის საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა, როგორც ტურისტებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი ქვეყანა, სადაც დასვენება 4 სეზონზეა შესაძლებელი. მეორე რიგში, ჩვენგან შეუძლიათ ისეთი პროდუქტების იმპორტი, როგორიცაა ლიმონათები, მინერალური წყლები და სხვა სასმელები. ამასთანავე, მათი ინტერესის სფეროა დეველოპერული სექტორი და უძრავი ქონება, ასევე მწვანე ენერგიები და აგროსექტორი, სადაც ინვესტიციების განხორციელების შემდეგაც, უკვე გაზრდილი აგროპროდუქტის შესყიდვა საუდის არაბეთში ხდება”, - ამბობს გიორგი სვანიძე.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მათ მიერ აჭარაში განხორციელებული ინვესტიცია კი $100 მილიონს აღემატება.
“სტუმარმასპინძლობის სექტორში უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება საუდელებთან, მათთან ერთად საქართველოში, აჭარაში ორი სასტუმროს მშენებლობა დავიწყეთ. პარალელურად, მიმდინარე ვიზიტზე მესამე შეთანხმებას მოეწერება ხელი.
ერთ-ერთი დიდი პროექტი უკვე დაწყებულია, ეს არის “პეტრა სი რეზორტი”, რომელსაც არაბები აჭარის საუკეთესო პროექტად თვლიან. ამ პროექტში მათგან ჯამში $100 მილიონზე მეტი ინვესტიცია იდება”, - ამბობს სვანიძე.
„პეტრა სი რეზორტი“ - ციხისძირში მშენებარე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც 42 შენობას მოიცავს. ცენტრალურ შენობაში 150-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. პროექტის ყველაზე მაღალ, 54-სართულიან შენობას კი 1000 ბრენდული რეზიდენცია დაიკავებს. „პეტრა სი რეზორტის“ კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება.