მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Pfizer-ის წმინდა მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ შემცირდა

Pfizer

ფარმაცევტული ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Pfizer-მა 2025 წლის ბოლო კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ბოლო სამ თვეში კომპანიის შემოსავლები $14.54 მილიარდამდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს $310 მილიონით ჩამორჩება და 2%-იან კლებას ნიშნავს. სერიოზული ვარდნა დაფიქსირდა წმინდა მოგების კუთხით.

კერძოდ, $637 მილიონ დოლარამდე, რაც 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 5-მაგი ვარდნაა. შემოსავლების კუთხით მცირედი კლების მიუხედავად, Pfizer-მა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს მაინც გადააჭარბა და ინვესტორებს დიდივენდის სახით ერთ აქციაზე $0.42 დოლარი გადაუხადა.

შედარებისთვის, გასული წლის მე-4 კვარტალში ეს მაჩვენებელი მხოლოდ $0.10 დოლარი იყო. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფისკალურ 2024 წელთან შედარებით შემოსავლების შემცირება Covid-19-ის პანდემისთვის განკუთვნილ ვაქცინებსა და სხვა პრეპარატებზე მოთხოვნის კლებამ განაპირობა. საუბარია Comirnaty-სა და Paxlovid-ზე. სამაგიეროდ, გაცილებით უკეთესი შედეგი დაფიქსირდა იმ პრეპარატების გაყიდვების კუთხით, რომლებიც Covid-19-თან არ არის დაკავშირებული. საუბარია 11%-იან ზრდაზე.

რაც შეეხება ფისკალურ 2026 წელს, Pfizer-ის ხელმძღვანელობა ამჯერად ფრთხილ მიდგომას ირჩევს და მოელის, რომ მომდევნო 12 თვეში შემოსავალი $58-$61 მილიარდის შუალედში იქნება. შედარებისთვის, ანალიტიკოსები კომპანიისაგან, საშუალოდ, $63 მილიარდის დასახელებას მოელოდნენ. როგორც Pfizer-ში აცხადებენ, გაცილებით ფრთხილი პროგნოზის მიზეზი არის ეჭვი, რომ Covid-19-თან დაკავშირებულ ვაქცინებსა და პრეპარატებზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება. თუმცა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ ინვესტორები დააიმედა, რომ მომავალ წლებში Pfizer-ი კიდევ უფრო გაიზრდება და შემოსავლების მოცულობაც არსებულ მკვეთრად გადააჭარბებს. ბურლას ოპტიმიზმის მიზეზი ონკოლოგიური მედიცინის ინდუსტრიის კუთხით Pfizer-ის მიერ ახალი ინვესტიციები ჩადება და მოლოდინია, რომ მალე კომპანია კონკურენტული პრეპარატების შექმნას დაიწყებს.

ამჟამად, ფარმაცევტული ინდუსტრიის ამერიკული გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია $146.52 მილიარდია. ერთი აქცია კი $25.77 დოლარად იყიდება. აღსანიშნავია, რომ კვარტალური შედეგების გამოქვეყნებამ და შემოსავლების კლებამ ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა და აქციის ფასი, საშუალოდ, 3%-ით შეამცირა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები