მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-მა 5-11 წლამდე ასაკის ბავშვებში აცრის ნებართვის მისაღებად FDA-ს მიმართა

615f4be7e0bec
BM.GE
07.10.21 23:33
578
5-11 წლამდე ბავშვებში აცრის ნებართვის მისაღებად, Pfizer-მა და BioNTech-მა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას ოფიციალურად მიმართეს, – ამის შესახებ კომპანიებმა დღეს განაცხადეს. ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია კომპანიებმა მარეგულირებელს უკვე წარუდგინეს, უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ საკითხს უმოკლეს ვადაში შეისწავლიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ FDA-ის საბოლოო პასუხს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ.

ამ ნებართვის მისაღებად Pfizer-მა უნდა დაამტკიცოს არა მხოლოდ ის, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, არამედ ისიც, რომ მათ პედიატრიული გამოყენებისათვის საჭირო ვაქცინის დოზის განსაზღვრა და მოწოდება შეუძლიათ. „შესაძლოა ბავშვებს [ვაქცინის] უფრო მცირე დოზა ან მისი სხვაგვარად ადმინისტრირება დასჭირდეთ, ვიდრე ეს უფრო მოზრდილ ბავშვებსა და ზრდასრულებში ხდება“, – განაცხადა FDA-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯენეტ ვუდკოკმა. Pfizer-ის თქმით, ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაციისას მედიკამენტის ჩვეულებრივი დოზის მესამედი უნდა იქნას გამოყენებული, რაც ვაქცინის ადმინისტრირებას საგრძნობლად ართულებს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო სეზონის დადგომასთან ერთად, ბავშვების ვაქცინაციის საკითხი ამერიკაში სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდა – საქმე ისაა, რომ თუ Pfizer-ი ამ ნებართვას მიიღებს, კოვიდ-19-სგან დაცვას 28 მილიონზე მეტი ამერიკელი ბავშვი შეძლებს. The New York Times-ის ინფორმაციით, ბავშვები კოვიდ-19-ით ნაკლებად ავადდებიან, მაგრამ დელტა ვარიანტის გამო, მხოლოდ აგვისტოში, საავადმყოფოში თითქმის ოცდაათი ათასი ამერიკელი ბავშვი მოხვდა.

ცნობისთვის, ზემოთ ხსენებული მოვლენების პარალელურად, საქართველოში 12-15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია იწყება, – ეს გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები