მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber-ის თანადამფუძნებლის თქმით, არჩევნების შემდეგ, ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად ბევრია სამუშაო

გიორგი ჩუგოშვილი
25.10.24 16:48
480

Phubber-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ, ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს საქართველოს ევროინტეგრაცია. როგორც bm.ge-სთან საუბრისას მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, საქართველო ისევ უნდა დაბრუნდეს მოწინავე პოზიციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

„ბევრი უნდა ვიმუშაოთ დასავლეთთან იმისათვის, რომ პრობლემები, რომლებიც ბოლო პერიოდში შეიქმნა, შემოტრიალდეს და როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე აღმასრულებელ დონეზე აქტიურად ვიმუშაოთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით მოწინავე ქვეყანა ვიყავით, ბოლო 1-2 წელიწადში კი ეს ყველაფერი შემოტრიალდა და ისინი არიან ჩვენზე წინ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ინსტიტუციურად და რეფორმების მიხედვით ჩვენ უფრო წინ ვიყოთ. ჩემი სურვილია, რომ გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ისევ პირველ ადგილზე დააბრუნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა მან.

Phubber-ის თანადამფუძნებლის თქმით, არჩევნების შემდეგ მოვლენების განვითარების ბევრი სცენარი შეიძლება იყოს, მაგრამ ერთი, რასაც ის ისურვებდა არის ის, რომ ახალმა პარლამენტმა ქვეყანა დააბრუნოს იმ გზაზე, რომელზედაც წლების განმავლობაში კარგად მიდიოდა.

“ეს ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს გაწერილი - ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია. არ მჯერა იმის, რომ საქართველო მარტო დამოუკიდებლად იმ გარემოში, სადაც არის, შეიძლება თავისთვის იყოს. ისტორია გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ ხდება. ჩემი სურვილია, რომ პარლამენტმა და მთავრობამაც იმ კურსისკენ მიმართოს ძალისხმევა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია, ”, - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები