Piece of BBN ქალის თეთრეულის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც ანა ლაცაბიძემ ნატალია ქურდაძესთან ერთად დააფუძნა. ამჟამად კომპანია ხუთი კატეგორიის პროდუქტს აწარმოებს, აქვს სამკერვალო თბილისში და პროდუქციას სხვადასხვა არხით აშშ-ის მასშტაბით ყიდის.
როგორც „ქალების ნარატივში“ ბრენდის დამფუძნებელმა, ნატალია ქურდაძემ აღნიშნა, Piece of BBN-ის მიერ წარმოებული პროდუქციის 100% ამერიკაში ექსპორტირდება.
„2019 წელს, ქალის თეთრეულის ქართული ბრენდის, Piece of BBN-ის ჩამოყალიბებისკენ პირველი ნაბიჯები გადავდგით. სურვილი იმდენად დიდი იყო, ბაზარზე ნებისმიერი ადამიანისთვის შეგვექმნა განსხვავებული და სექსუალური თეთრეულის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა, რომ პირდაპირ საქმეს შევუდექით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნიდან გვქონდა შემოთავაზება გაგვეგზავნა ჩვენი პროდუქცია, ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე მსხვილი ბაზარი, ეს არის ამერიკა. 2023 წელს ვაწარმოეთ 5 ათასი ერთეული პროდუქცია, რომელიც სრულად ამერიკაში გაიგზავნა,“ - აღნიშნა ნატალია ქურდაძემ.
Piece of BBN-ის პროდუქციის შექმნაში 10 ადამიანია ჩართული. პროდუქცია ნატურალური ნედლეულისგან იქმნება, რაც შეეხება ფასებს, ის სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზეა გათვლილი.
„Piece of BBN-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ბაზარზე ნებისმიერ ადამიანს შევუქმნათ განსხვავებული თეთრეულის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა და გარდა ამისა, საქართველოში ქალის საცვლების ბიზნესის კუთხით, მაღალი სტანდარტები დავამკვიდროთ.“- განაცხადა ნატალია ქურდაძემ.
მისივე თქმით, კომპანიის ძირითადი მიზანი და გეგმაა, Piece of BBN-ის პროდუქციის 100% დამზადდეს საქართველოში.
„აგრეთვე ვმუშაობთ პლატფორმის შექმნაზე, რომელიც ყველა ქართულ კომპანიას (ქალის თეთრეულის მიმართულებით) საშუალებას მისცემს მოახდინონ პროდუქტის რეალიზება Piece of BBN-ის შუამავლობით.“ - აღნიშნა ნატალია ქურდაძემ.