ავტორი: სალომე ზაალიშვილი
აშშ-ს ფედერალურმა სამსახურმა პაბლო პიკასოს, ჟან-მიშელ ბასკიას და დიანა არბუსის ნამუშევრები, რომლებიც მალაიზიური ეროვნული ფონდის (1Malaysia Development Berhad) კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული, აუქციონზე $35 მილიონად გაყიდა.

ჯო ლოუ და ლეონარდო დიკაპრიო ბასკიას ნახატის "Red Man One"-ის ფონზე, 2014 წელი
ეს ის ნამუშევრებია, რომელიც ჯო ლოუმ, მალაიზიელმა ბიზნესმენმა, კორუფციული სქემის მთავარმა ორგანიზატორმა (ბიზნესმენი დღეს ინტერპოლის მიერ იძებნება) 2012-დან 2014 წლამდე შეიძინა და საჩუქრად ამერიკელ მსახიობს და არტ კოლექციონერს, ლეონარდო დიკაპრიოს გადასცა, თუმცა მსახიობმა 2017 წელს ნამუშევრები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს 2017 წელს ნებაყოფლობით გადასცა.

ჟან-მიშელ ბასკია
Red Man One (1982)
აშშ-ის ფედერალური სამსახურის მიერ ორგანიზებულ ონლაინ აუქციონზე ბასკიას Red Man One (1982), თითქმის 2-მეტრიანი ნეო-ექსპრესიონისტული ნამუშევარი $22.02 მილიონად გაიყიდა, რამაც ის წლის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად გაყიდულ ნახატად აქცია. ბასკიას კიდევ ერთი ნამუშევრის - Self Portrait (1982) საბოლოო ფასი $8.3 მილიონი იყო.

პაბლო პიკასო
Tête de taureau et broc (1939)
აუქციონზე $5 მილიონად გაიყიდა პაბლო პიკასოს Tête de taureau et broc (1939); დიანა არბუსის ფოტოს Child with a Toy Hand Grenade-ს კი, ახალი მფლობელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარად გამოუჩნდა.

დიანა არბუსი
Child with a Toy Hand Grenade, (1962)
აღსანიშნავია, რომ ონლაინ აუქციონი, არა Christie’s ან Sotheby's - ცნობილი სააუქციონო სახლების, არამედ “Gaston & Sheehan Auctioneers”-ის, შედარებით მცირე ზომის სააუქციონო სახლის მიერ ჩატარდა და 16 ივლისიდან 4 სექტემბრამდე გაგრძელდა.
არტ მრჩეველმა დეინ ჯენსენმა “artnews”-სთან განაცხადა, რომ გაყიდვის ეს ფორმა საკმაოდ უჩვეულოა მსგავსი ძვირადღირებული ნამუშევრებისთვის. “ასეთმა ცუდმა საიტმა შეიძლება ბევრი მყიდველი დააფრთხოს, თუმცა კარგი შესაძლებლობაა სწორი მყიდველისთვის, ნამუშევრები ხელსაყრელ ფასად ჩაიგდოს ხელში”, - აღნიშნა არტ მრჩეველმა.
ცნობისთვის: მალაიზიური ეროვნული ფონდის 1Malaysia Development Berhad (1MDB) კორუფციული სკანდალი ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო ფინანსურ თაღლითობად ითვლება. მალაიზიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ რაზაკმა 1MDB 2009 წელს დააფუძნა, როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც მიზნად ისახავდა ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების დაფინანსებას. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფონდიდან 4.5 მილიარდ დოლარზე მეტი უკანონოდ იქნა გამოტანილი და გაფლანგული. თანხები მიიმართა ოფშორულ ანგარიშებზე, ასევე პირადი სიმდიდრის შესაძენად – უძრავი ქონება, იახტები, ხელოვნების ნიმუშები და ა.შ. სკანდალის მთავარი ფიგურანტები ნაჯიბ რაზაკი - პრემიერის ახლო გარემოცვის წევრი და მალაიზიელი ფინანსისტი ჯო ლოუ იყვნენ, რომელიც სქემის ორგანიზატორად მიიჩნევა. საქმეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა და რამდენიმე ქვეყანამ ერთობლივად გამოიძეს. ნაჯიბ რაზაკი მალაიზიაში 2022 წელს გაასამართლეს და 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. ჯო ლოუ კი ბოლო ცნობებით ყალბი პასპორტით ჩინეთში ცხოვრობს. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დრემდე $1.4 მილიარდის ქონება და ფინანსური აქტივები იქნა ამოღებული.




























