მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პიკასოს და სხვა ცნობილი მხატვრების ყალბი ნახატებით ვაჭრობისთვის აშშ-ში 77 წლის მამაკაცი დააკავეს

1 პენსილვანია
24.09.25 19:45
178

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

ენდი ვორჰოლის, ჟან-მიშელ ბასკიას, პაბლო პიკასოს და სხვა ცნობილი მხატვრების ყალბი ნახატების გაყიდვისთვის აშშ-ის შტატ პენსილვანიაში მცხოვრებ კარტერ რისს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კარტერ რისმა დანაშაული აღიარა. იგი 2019 წლის თებერვლიდან 2021 წლის მარტამდე აქტიურად ვაჭრობდა ხელოვნების ნიმუშებით. მას ნახატებით ნიუ იორკში მცხოვრები დილერი ამარაგებდა, რომელიც ყალბი ნახატების გაყიდვის 1-მილიონიანი სქემისათვის იყო ნასამართლევი და 2021 წელს გარდაიცვალა.

კრისტინ ოკლენდერი, კარტერ რისის დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი მსხვერპლი სასამართლო პროცესამდე

რისის საქმიანობას აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელოვნების დანაშაულებათა განყოფილება იკვლევდა. რისის დაკავება მისი ერთ-ერთი კლიენტის დახმარებით მოხერხდა. კრისტინ ოკლენდერი მოსასმენი აპარატურით შევიდა რისის გალერეაში ფედერალურ აგენტთან ერთად, რომელიც მისი ასისტენტის როლს თამაშობდა.

გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, პროკურატურა კარტერ რისისთვის 40-წლიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ასაკიდან გამომდინარე (იგი 77 წლისაა) და აღიარებითი ჩვენების გათვალისწინებით, სასამართლომ მას მხოლოდ ორთვიანი პატიმრობა და 2 წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. აგრეთვე დაეკისრა 50 000 აშშ დოლარიანი ჯარიმა და 200 000 აშშ დოლარამდე ზარალის ანაზღაურება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები