გაეროს ექსპერტმა ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავამ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დღეს ინფექციის გავრცელების კუთხით უსაფრთხო და დაცულია, თუკი პირბადე ყველას ეკეთება და მგზავრების რაოდენობა გაკონტროლდება.
“დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე ყველა მგზავრს უკეთია, თუმცა ამ კუთხით პრობლემები გვაქვს რეგიონებში, სადაც სატრანსპორტო სამსახურები არ არის ისეთ ძლიერი, როგორიც მაგალითად ქალაქებშია. თანამშრომლებიც არ არსებობენ და შესაბამისად, კონტროლიც ნაკლებია. ხოლო იქ სადაც, ვენტილაციაა, პირბადის და ასევე ადამიანთა რაოდენობის კონტროლი ეფექტიანად ხორციელდება, ინფექციის გავრცელების რისკი დაბალია. დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა მოქალაქეების დიდი რაოდენობაა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეიმჩნევა ”, - განაცხადა კვაშილავამ.
მისივე თქმით, პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემია პიკის საათებში, 17:00 საათის შემდეგ, როდესაც მოქალაქეებმა ე.წ კომენდანტის საათამდე სახლებში უნდა მიასწრონ. სწორედ ამ დროს ტრანსპორტში დიდი რაოდენობით ადამიანი ადის.
“თბილისში ვიცით რომ ავტობუსის სწრაფი ხაზები შეიქმნა და სწორედ ამ ხალხმრავლობის გასაფილტრად მნიშვნელოვანია ინვესტირება, მთავარი უბნების დაკავშირება, მნიშვნელოვანია მიწოდების გაზრდა. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული განსაკუთრებით პიკურ საათებში მხოლოდ კერძო ავტომობილებზე. ზოგადად როდესაც მთავრობა ხვდება კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ დროს მნიშვნელოვანია ტრანსპორტის წარმომადგენლებსაც რომ შეხვდეს, რადგან კომუნიკაციის ხარისხი არ არის ეფექტიანი”,- აღნიშნა გაეროს ექსპერტმა ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავამ.




























