მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირადობის მოწმობა და მის აღებასთან დაკავშირებული დეტალები

პირადობის მოწმობა

პირადობის მოწმობა ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის მოქალაქის ვინაობას ადასტურებს. მასზე დატანილია ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა სახელი და გვარი, დაბადების წელი და ადგილი, სქესი და ხელმოწერა.

რა მნიშვნელობა აქვს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს?

გარდა იმისა, რომ პირადობის მოწმობის ქონა ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის სავალდებულო და კანონიერი მოთხოვნაა, ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად, თუ საბანკო ანგარიშის გახსნა გსურთ ან სადმე მიემგზავრებით, ID ბარათის გარეშე ყოველი მცდელობა კრახით დასრულდება. ასევე, ის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. იგულისხმება, რომ დოკუმენტის დახმარებით თქვენი მონაცემებისა და სახელის ბოროტად გამოყენების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

აღსანიშნავის ისიც, რომ საქართველოში გაიცემა მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობა. ეს უკანასკნელი მაღალტექნოლოგიური დოკუმენტია, რომელიც გაყალბებისგანაა დაცული.

ვის შეუძლია პირადობის მოწმობის აღება?

პირადობის მოწმობის გაცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ხდება და გარდა თურქეთის რესპუბლიკისა, მისი გამოყენება სხვა ქვეყნებში შეუძლებელია.

ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დოკუმენტზე ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს - პირადობის მოწმობა სავალდებულოა 14 წელს მიღწეული მოქალაქეებისათვის. აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი აღება მეურვის თანხლებით 14 წლამდე პირსაც შეუძლია.

ID ბარათს მოქმედების განსაზღვრული ვადა აქვს. შესაბამისად, სრულწლოვან ანუ 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებზე გაიცემა 10 წლის, ხოლო არასრულწლოვან პირებზე 4 წლის ვადით.

რომელი დოკუმენტებია საჭირო ID ბარათის ასაღებად?

დაინტერესებულმა მოქალაქემ უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სახლის რომელიმე ფილიალს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ ID ბარათის მიღება საზღვარგარეთ მყოფ პირს სურს, მაშინ ის საკონსულო დაწესებულებასა და დიპლომატიურ წარმომადგენლობას უნდა დაუკავშირდეს.

იმისათვის, რომ პირადობის მოწმობა აიღოთ საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის ელექტრონული მოწმობის თაობაზე დადგენილი ფორმის განცხადება;
  • ბიომეტრიული ფოტოსურათი;
  • დაბადების მოწმობა;
  • მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

გაითვალისწინეთ, რომ თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში უკვე ასახულია აღნიშნული დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მაშინ ფიზიკურად წარდგენა სავალდებულო აღარ არის.

პირადობის მოწმობის შეცვლა

არსებობს რამდენიმე გარემოება, რომლის დადგომის შემთხვევაშიც პირადობის მოწმობა უნდა შეცვალოთ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს დოკუმენტს მოქმედების განსაზღვრული ვადა ამოეწურა, მაშინ შესაბამის სახელმწიფო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოთ. გაითვალისწინეთ, რომ ვადაგასული პირადობის მოწმობა არ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ მთელი რიგი მომსახურებებით ვერ ისარგებლებთ.

პირადობის მოწმობა განახლებას ექვემდებარება, როცა მოქალაქე სახელს ან/და გვარს შეიცვლის. გამომდინარე იქიდან, რომ ID ბარათი პერსონალური მონაცემების ამსახველი დოკუმენტია, ის განახლებულ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. სწორედ ამიტომ მისი შეცვლა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც თუ ჩანაწერში რაიმე სახის უზუსტობას აღმოაჩენთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოწმობა გამოუსადეგარია.

პირადობის მოწმობის აღდგენის მოთხოვნით იუსტიციის სახლს შეგიძლიათ მიმართოთ თუკი დოკუმენტს დაკარგავთ ან აღმოჩნდება, რომ დროთა განმავლობაში ის გამოყენებისათვის გამოუსადეგარი გახდა.

აქვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოწმობის განახლება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ განაცხადის შევსებითაც შეგიძლიათ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე დისტანციური სერვისების გრაფაში აირჩიეთ პირადობის ელექტრონული მოწმობის გვერდი და ამის შემდეგ დაიწყეთ განაცხადის შევსება. ამისათვის კი ბიომეტრიული ფოტოსურათი დაგჭირდებათ.

ID ბარათის ღირებულება და არსებული შეღავათები

პირადობის მოწმობის ფასი 2024 წლის მონაცემებით დამოკიდებულია იმაზე თუ რა ვადაში გსურთ მისი აღება. მაგალითად, სტანდარტული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, რაც 10 სამუშაო დღეს მოიცავს, 60 ლარის გადახდა მოგიწევთ. 5 სამუშაო დღეში დამზადებული მოწმობის საფასური 80 ლარია, ხოლო 3 დღის - 100. ექსტრემალური ვითარებიდან გამომდინარე, ზოგჯერ დაჩქარებულ სერვისსაც მიმართავენ ხოლმე - 24 საათში დამზადებული პირადობის მოწმობა 120 ლარი ღირს, იმავე დღეს კი 150.

აღსანიშნავია, რომ არსებობს ღირებულებასთან დაკავშირებული შეღავათები იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გარკვეული სტატუსით სარგებლობენ. მაგალითად, გადასახადისაგან სრულად თავისუფლდებიან ის სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001 არ აღემატება. ამასთანავე, ID ბარათის დამზადება უფასოა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ფიზიკურად დაშავებულები პირებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოქალაქეობა პირადად საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიენიჭათ.

გარდა ამისა, შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ სტუდენტებსაც. ამ სტატუსის ქონის შემთხვევაში, პირადობის მოწმობის პირველადი აღებისას განსაზღვრულ საფასურს 10 ლარი აკლდება, განმოერებით აღებას კი - 6 ლარი. ფოტოსურათი კი მათთვის უფასოა. გადასახადის 50%-საგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თავისუფლდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები