“პირბადეების აკრძალვა არაა სწორი. შეიძლება, ადამიანს პირბადე სურდოს ან სხვა მოსაზრებების თუ საჭიროების გამო ეკეთოს", - ეს "ტვ პირველის" ეთერში სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
"პირბადეს რაც შეეხება, ამაზე ანგარიშში მაქვს შეფასება გაკეთებული, რომ ბლანკეტურად პირბადეების აკრძალვა სწორი არ არის, იმიტომ, რომ ადამიანის პირბადე შეიძლება ბევრი სხვა საჭიროების გამო ეკეთოს, არ ვიცი, სურდოს ან სხვა მოსაზრებების გამო. ასე უბრალოდ პირბადე აკრძალო, რა თქმა უნდა, სწორი არ არის და ეს მაქვს შეფასებული ანგარიშში", - განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, გაუგებარია თუ საკმარისი ადამიანი არ არის რატომ იკეტება რუსთაველის გამზირი.
"ზოგადად გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი. მთელი ამ 300 დღის მანძილზე ვადევნებდით თვალყურს დღეებს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისთვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა მაინც იკეტებოდა. მთავარია, რომ ეს პროპორცია იყოს დაცული.
დაცული უნდა იყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადაადგილების უფლება, ვინც რუსთაველზე მოძრაობს, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდა 100-მა კაცმა შეაფერხოს. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის მანძილზე", - ამბობს იოსელიანი.
გასულ კვირაში "ქართული ოცნების" პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ბოლო დღეებში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" ბრალდებით.
იოსელიანი ამბობს, რომ კანონის ასეთ გამკაცრებას არ მიესალმება და "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ცვლილებები შეფასებისთვის ეუთო/ODIHR-ში გაგზავნა.


























