იურიდიული დახმარების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ლეგიტიმური მიზანი არ აქვს და ადვოკატის პროფესიულ დამოუკიდებლობას შეზღუდავს - ასეთია ადვოკატის, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრის, შალვა ბუავას შეფასება.
შალვა ბუავამ დაგეგმილ ცვლილებებზე "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
"ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები და ცვლილებებია პაკეტით წარმოდგენილი, რომ პირდაპირ ზღუდავს ადვოკატის დამოუკიდებლობას, მათ შორის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად. წარმოდგენილი ცვლილებებით, პაკეტი ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომ იურიდიული დახმარების სამსახურში მოქმედი საბჭოს წევრების რაოდენობა იზრდება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების დომინირებით, ნაცვლად იმისა, რომ იყოს უმეტესობა წარმოდგენილი ადვოკატები. დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს, რომ სამი წევრი არის ადვოკატთა ასოციაციიდან წარმოდგენილი, სამი წევრი არის სახალხო დამცველიდან წარმოდგენილი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ბუნებრივად მოწოდებულები არიან ადამიანის უფლებების დაცვისაკენ და მათი აზროვნება, მათი შინაგანი რწმენა პირდაპირ კავშირშია და მათი მოწოდებაა, რომ ადამიანის უფლებები დაიცვან. დღეს წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ვხვდებით საპირისპიროს. გამომდინარე იქიდან, რომ დაემატა პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე, დაემატა გენერალური პროკურორი, დაემატა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. პაკეტი, პირდაპირ ითვალისწინებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე არის ანგარიშვალდებული სამსახურის უფროსი. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი, ის რომ ცვლილებათა პაკეტი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ დირექტორის კანდიდატს ირჩევს საბჭო და წარუდგენს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ეს საბჭო დაკომპლექტებულია უმრავლესობით, ფაქტობრივად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოქმედი კანონით იურიდიული დახმარების შესახებ, ერთ-ერთი წევრი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი და პირდაპირ არის მითითებული მოქმედ რედაქციაში, რომ არამოსამართლე წევრი უნდა იყოს ეს ადამიანი. ამ წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტით, პირდაპირ წერია, რომ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. აღნიშნული პიროვნება კი, როგორც გადავამოწმე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე, ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, არის საპროკურორო საბჭოს წევრიც, ამავდროულად ის არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე და შესაბამისად, ფაქტობრივად პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო წარმოდგენილია საბჭოში. უთანასწორო გარემოში უწევს ფაქტობრივად ადვოკატებს ბრძოლა. ეს საბჭო განსაზღვრავს პოლიტიკას, ფაქტობრივად მენეჯმენტია, რომელიც გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებს შესაბამისად, ფაქტობრივად ხმის უფლებას კარგავს. რისკი არის საკმაოდ მაღალი, იმიტომ რომ, აი როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ, რომ ადვოკატი და პროკურორი ერთად იჯდეს და მსჯელობდეს, იღებდეს გადაწყვეტილებას კონკრეტული დასაცავი პირის თუნდაც დაცვის სტრატეგიაზე, ეს ხომ წარმოუდგენელია",- ამბობს შალვა ბუავა.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ამ რისკებს მოხსნიდა დღის წესრიგიდან, ის ასე პასუხობს: "მოქმედ რედაქციას რომ ჩავხედოთ, კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ იურიდიული დახმარების სამსახური, მიუხედავად იმისა, რომ ის არის სსიპ-ი, არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და არავის აქვს ჩარევის უფლება. ერთადერთი - პარლამენტის წინაშეა იგი ანგარიშვალდებული ყოველწლიურად და შესაბამისად, პარლამენტს წარუდგენს გასული წლის ანგარიშს. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი პაკეტის საჭიროება, რეალურად, საერთოდ არ იყო და არც იდგა დღის წესრიგში",- ამბობს ადვოკატი.

























