"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კანონში შესაბამისი ცვლილებები შევა, რომლებიც პრივატიზაციის პირობებს ზუსტად განსაზღვრავს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„როდესაც ვსაუბრობთ ხარჯების ოპტიმიზაციაზე და ზოგადად, მთავრობის საქმიანობის მაქსიმალურ ეფექტიანობაზე, ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ საკითხს, ეს არის პირდაპირი ფორმით პრივატიზების საკითხი. ჩვენ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, პრაქტიკულად სრულად ვთქვით უარი პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზაციაზე. გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ კანონის დონეზეც. კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს. შესაბამისად, ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღმოფხვრაზე პირველად ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
„ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის კორუფციის რისკებს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და უძრავი ქონების, მათ შორის მიწის რესურსის პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან", - თქვა მან.




























