„წინაპირობების გაწერა, რა შემთხვევაში მოხდება სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაცია, კორუფციის რისკებს არსებითად არ შეცვლის“- "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს", ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი თვლის, რომ ქართული ოცნების მხრიდან პირდაპირი გზით ქონების პრივატიზების პირობების შეცვლა და კრიტერიუმების განსაზღვრა კორუფციის რისკებს ვერ დააზღვევს, თუ თვითონ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა არ შეიცვალა.
"კრიტერიუმები შეიძლება იყოს მაგალითად ის, რომ სიმბოლურ ფასად გადაცემა არ იყოს შესაძლებელი, თუმცა ამ წინაპირობების გაწერა რისკებს არსებითად არ შეცვლის. მთავარი, რაც რისკებს დააზღვევდა ეს არის, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას, აქ არის საუბარი უძრავ ქონებაზე, რომელიც არის სახელმწიფოს ბალანსზე და რომელიც არის საქართველოს მოქალაქეების ქონება, რომელიც აქამდე ძალიან ხშირ შემთხვევაში კორუფციის შემცველი გადაწყვეტილებებით რიგდებოდა პარტიასთან დაახლოებულ პირებზე, მათ შემომწირველებზე და ა.შ
ამ რისკს ვერანაირი კრიტერიუმი ვერ დააზღვევს, თუ თვითონ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა არ შეიცვალა. გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული დამოუკიდებლად. არა პრემიერის მიერ, არამედ სხვა მექანიზმით. იდეალურ შემთხვევაში ეს იქნებოდა თუ ყველა ინსტიტუცია არ იქნებოდა დამორჩილებული ერთ პოლიტიკურ პარტიას, მაშინ ჩვენ შეგვეძლებოდა გვეთქვა, რომ ქონების სააგენტო იქნებოდა ეს და პრემიერი და პოლიტიკური თანამდებობის პირები არ ჩაერეოდნენ ამ საქმეში, ამაზე შეიძლებოდა გვესაუბრა, თუმცა ასე არ არის.
ალტერნატივა შეიძლება იყოს ერთგვარი საბჭოს შექმნა დამოუკიდებელი ადამიანებით, რომლებიც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებებს, თუმცა ესეც უტოპიური ვერსიებია, რადგან დღეს სამწუხაროდ, როგორც ხალხის ფული - ბიუჯეტი, ისე მისი ქონება ხშირად პოლიტიკური კორუფციული გზით რიგდება. ვერანაირი კრიტერიუმების გაწერა ამას სამწუხაროდ, ვერ შეცვლის“,- აცხადებს სანდრო ქევხიშვილი.
როგორც ცნობილია, ქართული ოცნება პირდაპირი გზით ქონების პრივატიზების პირობებს ცვლის - საკითხი, რომელზედაც ირაკლი კობახიძე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს, კანონპროექტის სახეს იღებს. ირკვევა, რომ ახალი წესით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან გაცვლა მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წინაპირობების შემთხვევაში მოხდება. შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა და და ახლა საპარლამენტო მხარდაჭერა სჭირდება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის განმარტებით, აქამდე სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე განკარგვის პირობებს ინდივიდუალურად ადგენდა საქართველოს მთავრობა და იღებდა გადაწყვეტილებებს, თუმცა, მისი შეფასებით, უმჯობესია, კანონის ფარგლებში, მკაფიოდ განისაზღვროს სახელმწიფო ქონების პირდაპირი გზით პრივატიზების ან გაცვლის კონკრეტული წინაპირობები.




























