მხარდაჭერის მიზნით მონაცემთა სუბიექტისთვის/ამომრჩევლისთვის ინფორმაციის პირდაპირ და უშუალო მიწოდება, ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, წარმოადგენს პირდაპირ მარკეტინგს, რომელიც შეიძლება იყოს წინასაარჩევნო კამპანიით (აგიტაციით) განსაზღვრულ ღონისძიებათა შემადგენელი კომპონენტი - ამის შესახებ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში წერია, რომლის რამდენიმე მუხლიც ახლებურად განიმარტა.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი სპეციალური მუხლი, კერძოდ, პირდაპირი მარკეტინგი განიმარტა, როგორც საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირება და შენარჩუნება, ასევე რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით ინფორმაციის მონაცემთა სუბიექტისთვის/ამომრჩევლისთვის მიწოდება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის/ამომრჩევლის თანხმობით.
„მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის/ამომრჩევლის თანხმობით;
მონაცემთა სუბიექტის/ამომრჩევლის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია მისი წერილობითი თანხმობა;
მონაცემთა სუბიექტის/ამომრჩევლის თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მას ნათლად, მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე უნდა განუმარტოს მის მიერ თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლება და ამ უფლების განხორციელების მექანიზმი/წესი;
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მონაცემთა სუბიექტს/ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდეს, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება, ან განსაზღვროს სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის;
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის გათვალისწინებული საშუალება (მაგალითად: ე.წ. „NO SMS“) უნდა იყოს მარტივი. ამასთანავე, მონაცემთა სუბიექტს/ამომრჩეველს უნდა მიეცეს მკაფიო და ადვილად აღსაქმელი მითითება ამ საშუალების გამოყენების შესახებ;
დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის/ამომრჩევლის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების განსახორციელებლად დაწესებულ იქნეს საფასური ან სხვა შეზღუდვა.
ნიშანდობლივია, რომ მონაცემთა სუბიექტის/ამომრჩევლის თანხმობა მისი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების თაობაზე უნდა იყოს, ნებაყოფლობითი, კონკრეტული და აქტიური მოქმედებით გამოხატული, რაც გულისხმობს რომ მას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია კერძოდ:
ვინ/რომელი ორგანიზაცია (მათ შორის, პოლიტიკური პარტია) დაამუშავებს მის მონაცემებს და ამასთან, მისი რა მონაცემები დამუშავდება (მაგალითად, სატელეფონო ნომერი, სახელი, მისამართი და ა.შ.);
რა გზით მოხდება მარკეტინგული შეტყობინების მისთვის გაგზავნა (მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელ. ფოსტა, სატელეფონო ზარი);
ნებისმიერ დროს უკან გამოიხმოს მის მიერ გაცხადებული თანხმობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, როგორც მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე მაკონტროლებელი დამოუკიდებელი ორგანო, მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შემთხვევაში, დაიცვან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მონაცემთა სუბიექტის/ამომრჩევლის უფლებები და იმოქმედონ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად“, - წერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.