„ევროპის ქვეყნები გამორჩეული, სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის, უშუალოდ ტურიზმის, ისევე როგორც პირდაპირი რეისების მოზიდვის კუთხით", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა TAV Airports-ს საქმიანობის 20 წლის იუბილეზე განაცხადა.
როგორც ქვრივიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე საქართველოში 70-ზე მეტი საერთაშორისო ავიაკომპანია 120 მიმართულებით ოპერირებს, რაც დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე დაფუძნებული სტრატეგიის შედეგია. მინისტრის ინფორმაციითვე, საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულებული ფრენებიდან, დაახლოებით 37% ევროპაში სრულდება.
"ერთად შევძელით და გასული წლის ბოლოს საქართველოში შემოვიყვანეთ ისეთი გლობალური ბრენდები, როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი“ და „იზიჯეტი“. ამით ქვეყანას შევმატეთ ახალი, მდგრადი, სტაბილურად და საკმაოდ სწრაფად მზარდი პირდაპირი მიმართულებები, რომლებიც აგენერირებს დამატებით მსყიდველუნარიან ტურისტულ ნაკადებს. ეს შემდგომში, პირდაპირპროპორციულად ისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში - როგორც აეროპორტში, ისე აეროპორტს გარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ზრდის ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს“, - აცხადებს ქვრივიშვილი.




























