"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საჯარო სექტორში კორუფციის სრული აღმოფხვრაა. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულია კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები.
„ჩვენი მიზანია, ბოლომდე გაიწმინდოს მთლიანად სისტემა კორუფციისგან. ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯებია გადადგმული“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში პოზიტიური სტატისტიკური მაჩვენებლები უკვე წლების წინაც დააფიქსირა, თუმცა ბოლო წელიწადნახევარში გადადგმულმა ნაბიჯებმა მდგომარეობა თვისობრივად გააუმჯობესა.
„მანამდეც, ვიდრე ჩვენ აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამდით, საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ევროპაში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას ვუსწრებდით ამ მაჩვენებლით. რაც გაკეთდა ბოლო წელიწადნახევარში, კიდევ უფრო ამტკიცებს ქვეყნის პოზიციას ამ კუთხით.
მე მარტივი დაპირება შემიძლია მივცე ნებისმიერ ადამიანს – შეუძლიათ მოიტანონ ნებისმიერი თემა, დღეიდან ან გუშინდელი დღიდან. რასთან დაკავშირებითაც აქვთ ეჭვები კორუფციის მიმართულებით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც კეთდება მთავრობის ჩართულობით, კეთდება კეთილსინდისიერად“, – განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძის თქმით, სისტემური გამჭვირვალობა და ინსტიტუციური სისუფთავე არის ის პრინციპები, რითაც სახელმწიფო მმართველობა უნდა ხელმძღვანელობდეს.
საქმე ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ინიციირებული ცვლილებებით, საჯარო მოხელეებს/პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ მხილებულნი არიან კორუფციაში, 30 წლის განმავლობაში მოუწევთ ქონებრივი დეკლარაციების შევსება.
კობახიძემ ცვლილებებთან დაკავშირებით თქვა:
„ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც დაწყებული გვაქვს ჩვენ კორუფიციის წინააღმდეგ. ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული ზომები მიღებული, მათ შორის ეს არ ეხება კონკრეტულად ვიღაცის დაკავებას, დაპატიმრებას. ჩვენ მთლიანად გავასაჯაროეთ მთავრობის გადაწყვეტილებები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაეცნოს ათიათასობით აქტს, რომელიც ქვეყნდება, წელიწადნახევრის განმავლობაში. ათი ათასობით აქტია გამოქვეყნებული, თუ ერთ აქტში მაინც ნახავენ კორუფციის ნიშნებს, შეუძლიათ, დასვან კითხვები და მიიღებენ შესაბამის პასუხებს. ჩვენ ჩავკეტეთ მთლიანად ქონების პირდაპირი წესით გაყიდვის პრაქტიკა, რაც იყო კორუფციის რისკების შემცველი. ბევრი სხვა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული იმისათვის, რომ გამჭვირვალე გაგვეხადა ჩვენი საქმიანობა, იმისათვის, რომ უფრო სამართლიანი გამხდარიყო პროცედურები. ინფრასტრუქტურის ნაწილში, გუშინაც გვქონდა შეხვედრა შესაბამის კომპანიებთან, ყველას ძალიან მკაფიოდ დავუფიქსირეთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამართლიანი კონკურენციის პრინციპს, რამაც უნდა გაზარდოს ხარჯეფექტიანობა სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით და ასევე უნდა გაზარდოს ხარისხი. ხარისხში, მათ შორის სათანადო ვადებში განხორციელება იგულისმება, ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. როდესაც საჯარო მოსამსახურე, მათ შორის პოლიტიკოსი, ჩადის კორუფციულ დანაშაულს, მას უნდა ახსოვდეს, რომ ვერ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული ვადით, სავარაუდო პატიმრობის მოხდით, მას დასჭირდება დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი სახსრების დეკლარირება და გაუჭირდება შესაბამისად, მოპარული ფულის გამოყენება. პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს ამ კანონპროექტს და ამისათვის არის ინიცირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























