მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირუტყვის სულადობა შემცირდა - რძის პროდუქტების იმპორტი კი $131 მილიონამდე გაიზარდა

რძე რძის პროდუქტები

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 26 ათასით, ანუ 3%-ით შემცირდა და 811 ათასი შეადგინა. ამასთან, უფრო მეტად 5%-ით შემცირდა ფურების რაოდენობა და ის 399 ათასი იყო.

2024 წელს ასევე შემცირდა ქვეყანაში ადგილობრივად წარმოებული რძის მოცულობაც. თუკი 2023 წელს ის 584 ათას ტონას შეადგენდა, 2024-ში ის 2.3%-ით შემცირდა და 570 მილიონი ლიტრი შეადგინა.

პარალელურად, 2024 წელს 7%-ით გაიზარდა რძის პროდუქტების იმპორტი და ის $131 მილიონი დოლარი გახდა. აქედან 22.5 მილიონი დოლარი მშრალ რძეზე მოდის, რაც 10,000 ტონას შეადგენდა. ამ მოცულობის რძის ფხვნილით, 90 ათასი ტონა რძის წარმოება არის შესაძლებელი.

გარდა რძის ფხვნილისა, $131-მილიონიან იმპორტში 11.5 მილიონი დოლარი მოდიოდა თხევად რძეზე, რაც 13 ათას ტონას შეადგენდა. ნაღების იმპორტი $5 მილიონი დოლარი იყო, მისი მოცულობა კი 1.5 ათასი ტონა.

რძის პროდუქტების იმპორტში $39.9 მილიონი დოლარი მოდიოდა ნაღების კარაქზე, რაც 6.3 ათას ტონას შეადგენდა. იმისთვის რომ საქართველოს ამ მოცულობის კარაქი თავად ეწარმოებინა, ამისთვის რძის ადგილობრივი წარმოება არანაკლებ 60-80 ათასი ტონით უფრო მეტი უნდა ყოფილიყო.

იოგურტებისა და კეფირის იმპორტი $13 მილიონი დოლარი იყო, რაც 8.6 ათას ტონას შეადგენდა. ყველის და ხაჭოს იმპორტი კი 32.7 მილიონი დოლარი იყო, 6.2 ათასი ტონა იყო.

შესაბამისად, არსებული მდგომარეობით საქართველოს რძის პროდუქტების ბაზრის ჯაჭვი იმპორტირებულ პროდუქციაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები