იაპონურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Nintendo-მ ფისკალური 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. კომპანიის ფლაგმანური პროდუქტის, სათამაშო კონსოლის, Nintendo Switch-ის გაყიდვების 46%-იანი კლების ფონზე, კომპანიის შემოსავალი წლიურად 46.5%-ით შემცირდა და $1.65 მილიარდი შეადგინა, როცა ანალიტიკოსები $1.94 მილიარდს პროგნოზირებდნენ. შემოსავლის შემცირების ფონზე, 55.3%-ით შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება, რამაც $540 მილიონი შეადგინა - ამ მხრივ, კომპანიამ ანალიტიკოსების ვარაუდს გადააჭარბა.
იაპონური კომპანიის ინვესტორები მოძველებული Nintendo Switch-ის განახლებას ელოდებიან, რადგან Nintendo-ს განცხადებით, ახალი სათამაშო კონსოლი მიმდინარე ფისკალურ წელს, ანუ 2025 წლის მარტის ჩათვლით გამოჩნდება. ამ დრომდე, კომპანია 13.5 მილიონი ერთეული Switch-ის გაყიდვას პროგნოზირებს, რაც ობიექტური პროგნოზია, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველ კვარტალში კომპანიამ 2.1 ერთეული გაყიდა. საერთო ჯამში კი, პლანეტაზე Nintendo Switch-ის 125 მილიონ ეგზემპლარზე მეტი არის გაყიდული. ამ მაჩვენებლით Switch-ის წინ მხოლოდ Nintendo DS-ია.
Nintendo Switch-ის ფუნქციონალი, მართალია, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაიხვეწა, მაგრამ მომხმარებლები და ინვესტორები მაინც სიახლეებს ელოდებიან, რაც გამოიხატება არამხოლოდ კონსოლების, არამედ ვიდეოთამაშების შემცირებული გაყიდვებით. წინა კვარტალში ახალი ვიდეოთამაშები Nintendo-ს აღარ გამოუშვია, ხოლო კომპანიის გაყიდვებმა 41%-ით იკლო და მხოლოდ 30.64 მილიონი ერთეული შეადგინა. თუმცა მომდევნო თვეებში იაპონური კომპანიისგან კონსოლებთან ერთად ახალ ვიდეოთამაშებსაც უნდა ველოდოთ, მათ შორის Mario-ს და Donkey Kong-ის ფრენჩაიზებიდან.
ფიზიკური პროდუქტების გაყიდვების შემცირების ფონზე, იაპონური კომპანია ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვების ზრდაზე გადავიდა, რომლებიც გამოიყენება, როგორც თემატურ პარკებში, ასევე ფილმებში. თუმცა ეს მიდგომა ამ დროისთვის ძალიან წარმატებული არ არის, რადგან IP-ბიზნესის შემოსავალმა წლიურად 54%-ით იკლო და მხოლოდ $98 მილიონი დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ Nintendo ერთ-ერთ უდიდესი იაპონური კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $62 მილიარდს აღემატება, ანუ ამ მაჩვენებლით ის რიგით 297-ე უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში, Nintendo-ს არც თუ ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა აქვს: ერთთვიან ჭრილში, კომპანიის აქცია 11%-ით გაუფასურდა, ექვსთვიან ჭრილში კი კლება 7%-ია. თუმცა მიუხედავად ამისა, Nintendo-ს საბაზრო შეფასება ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებელთან ახლოსაა.