მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიური კომპანია, იაპონური Nintendo, რომელსაც, სათამაშო კონსოლების ხაზი ბოლოს რამდენიმე წლის წინ განაახლა, 2024 წლის მეორე ნახევარში ახალი თაობის სათამაშო კონსოლს გამოუშვებს, - ამაზე გამოცემა VGC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოწყობილობის ახალი სერიის გამოშვება კომპანიას მანამდეც შეუძლია, მაგრამ მიწოდების ჯაჭვების ჩამოშლით გამოწვეული პოტენციური პრობლემების თავის ასარიდებლად, იაპონური კომპანია საწყობებს ავსებს.
კონკრეტულად რა ტიპის კონსოლის გამოშვებას გეგმავს Nintendo, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, მაგრამ, როგორც წყაროები VGC-სთან საუბრისას ამბობენ, იაპონური კომპანიის კონსოლების ახალი თაობაც პორტატული იქნება, Nintendo Switch-ის მსგავსად. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოწყობილობის ბიუჯეტის შესამცირებლად, მას LCD-დისპლეი ექნება და არა OLED-დისპლეი, რომელიც გაცილებით უფრო ძვირი ღირს. დისპლეის ფასის შემცირების ხარჯზე კი, შესაძლოა, კომპანიამ მოწყობილობის შიდა მეხსიერება გაზარდოს, რადგან Switch-ის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 32 გიგაბაიტს უდრის, რაც PlayStation-ისა და Xbox-ის მიერ დაწესებულ მინიმალურ სტანდარტს თითქმის სამჯერ ჩამორჩება.
შემდეგი თაობის სათამაშო კონსოლის ბაზარზე 2024 წელს გამოჩენას დადებითად აფასებენ ანალიტიკოსები, რომელთა თქმით, სხვაგვარად, იაპონური კომპანია Switch-ის გაყიდვების მკვეთრად შემცირების მაჩვენებლებს ვერ გაუძლებს. Nintendo-ს ფინანსური შედეგების თანახმად, კომპანია კონსოლებზე 16.5%-იან კლებას ვარაუდობს, პროგრამული უზრუნველყოფის შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი 15.9%-ის ტოლია. Nintendo Switch-ზე არსებული მოთხოვნის კლება გასაგებიცაა, რადგან ეს სათამაშო პლატფორმა იაპონურმა კომპანიამ შვიდი წლის წინ გამოუშვა. ამგვარად, ერთადერთი გზა, რომლითაც იაპონურ კომპანიას შემოსავლის შემცირების ტრენდის შემობრუნება შეუძლია, სწორედ ახალი კონსოლის შექმნაა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.