მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველ კვარტალში საფინანსო სექტორში FDI უარყოფითი იყო და მინუს 26 მილიონს შეადგენდა

დოლარი

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 179 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია.

მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა 2021 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მცირეა, რაც გასული 4 წლის განმავლობაში რომელიმე კვარტალის პერიოდში შემოსულა.

ინვესტიციების კლების ერთ-ერთი ფაქტორი გახდა საფინანსო სექტორში ნეგატიური FDI-ის ნაკადი, კერძოდ კი პირველ კვარტალში ამ სექტორში FDI მინუს 26 მილიონ დოლარს შეადგენდა. ინვესტიციების უარყოფითი მოცულობა შესაძლოა ორი ძირითადი ფაქტორით იყოს განპირობებული, ერთია სავალო ვალდებულებები, ხოლო მეორე აქტივის მესაკუთრის ცვლილება უცხოური საწარმოდან ქართულ საწარმოზე გადაფორმების გზით.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საფინანსო სექტორში FDI უარყოფითი იყო 2024 წლის პირველ კვარტალშიც და ის მინუს 44 მილიონ დოლარს შეადგენდა. თუმცა, მეორე კვრატლაში FDI 300 მილიონი დოლარი იყო, მესამე კვარტალში ისევ მინუს 44 მილიონი დოლარი, მეოთხეში კი პლიუს 315 მილიონი დოლარი. შესაბამისად, სხვადასხვა კვარტალის განმავლობაში ამ სექტორში აღინიშნებოდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი საინვესტიციო ნაკადები.

საქსტატის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა 70.1 მილიონი დოლარი ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო, მეორე პოზიციაზეა კომუნიკაციებისა და IT სექტორი 52 მილიონი დოლარით, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობა 27 მილიონი დოლარით.

რაც შეეხება უარყოფით საინვესტიციო ნაკადებს, ის რამდენიმე სექტორში დაფიქსირდა - საფინანსო სექტორი - მინუს 27 მილიონი დოლარი; ვაჭრობა - მინუს 23 მილიონი დოლარი; ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - მინუს 7 მილიონი დოლარი; სამთომომპოვებელი მრეწველობა მინუს 0.2 მლნ დოლარი; წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა - მინუს 0.1 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები