მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირველ წლებში არ ველით, რომ სუპერმომგებიანი პროდუქტი იქნება" - ნინა კობახიძე მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაზე

დაზღვევა ავარია

რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა. დოკუმენტის ახალი ვერსიის  მიხედვით, ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, სავალდებულო დაზღვევის პოლისი შეიძინოს და ყოველთვიური სადაზღვევო პრემია გადაიხადოს. 

საკითხზე, თუ რამდენად მომზადებული ხვდება სადაზღვევო ინდუსტრია კანონის ამოქმედებას და რა დაუჯდებათ მოქალაქეებს სავალდებულო პოლისით სარგებლობა, BMGTV-ს გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინა კობახიძემ ისაუბრა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ბაზარი იხსნება -  მესამე პირთა პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ჩვენც და სამინისტროც ამ საქმეს. განსაკუთრებით დასაწყისში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით, რა ზარალიანობა იქნება, როგორ დაიწყებენ მოხმარებას მოქალაქეები, რამდენად იქნებიან ყურადღებით ან პირიქით - საერთოდ არა (რადგან ბევრი ქვეყნის მაგალითი გვიჩვენებს, რომ როდესაც მსგავსი პროდუქტი შევიდა ძალაში, ადამიანებმა პასუხისმგებლობა სრულად გადააბარეს სადაზღვევო კომპანიებს), ძალიან ბევრი ვითვალეთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ბაზარზე დაზღვეული ავტომობილების ძალიან პატარა პორტფელია - სულ 7%, არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განისაზღვრება ფასწარმოქმნაც”, - აღნიშნავს ნინა კობახიძე.

მისი თქმით, კანონის ძალაში შესვლამდე ფასი კიდევ ერთხელ გადაიხედება და დამოკიდებული ვალუტის კურსსა და ინფლაციის დონეზე იქნება. ნინა კობახიძე იმასაც აღნიშნავს, რომ პოლისის ფინანსური უპირატესობების შესახებ მოსახლეობას სადაზღვევო ინდუსტრია სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

“ფასთან დაკავშირებით კანონში დარჩა ღია ჩანაწერი. მოგეხსენებათ, ინფლაციაა, კურსი მუდმივად იცვლება, მათ შორის ავტონაწილების ფასიც, ამიტომ, სწორ მიდგომად განისაზღვრა ის, რომ კანონში არ ჩაიწერა ფასები, რადგან ძალაში შესვლამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება ფასწარმოქმნაც. ამჟამად, დაზღვევის ღირებულება ფიზიკური პირისთვის თვეში 220-230 ლარამდეა, თუ გვინდა, რომ კარგი პირობები და სადაზღვევო ლიმიტი გვქონდეს, გააჩნია რა ღირებულების ავტომანქანა გყავს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონით სახელმწიფო არავის ავალდებულებს, რომ თავისი თავი დაიცვან, არამედ სხვა ადამიანების დაცვას მოითხოვს, რაც აპრობირებულია ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპაში, მესმის ღელვა, რომ თითქოს ამ პოლისს ვყიდულობთ სხვისთვის. ამიტომ მოგვიწევს ამ კუთხით მუშაობა, ინდუსტრია მზად არის და მოსახლეობას სრულად ავუხსნით, რა სარგებელს იღებს სავალდებულო დაზღვევით - დაახლოებით, 200 ლარად ყიდულობს 30 000 ლარის სიმშვიდეს”, - განმარტავს ნინა კობახიძე. 

კითხვაზე, რამდენად სარგებლიანი იქნება სადაზღვევო სექტორისათვის მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონის ამოქმედება, კობახიძე აღნიშნავს, რომ ინდუსტრიის ზრდა მოსალოდნელია, თუმცა ეს დიდ დროსაც მოითხოვს.

“სადაზღვევო ინდუსტრია ყოველწლიურად ძალიან მცირედით იზრდება. თუმცა როდესაც დაინახავენ მოქალაქეები, რომ ამ პროდუქტს რეალურად მოაქვს ზარალის ანაზღაურება, ისინი დაიწყებენ ავტომანქანების დაზღვევას, რადგან უნდობლობის დაძლევა გამოცდილების გარეშე რთულია. ამიტომ პირველ წლებში არ ველოდებით, რომ სუპერმომგებიანი პროდუქტი იქნება, თუმცა ველოდებით, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის მიმართ ნდობა უფრო გაიზრდება, როდესაც 1.5 მილიონი ადამიანი საკუთარ ავტომობილს მესამე პირის წინაშე დააზღვევს. 

საქართველო, თავისი მოცულობიდან გამომდინარე კოლოსალურ ციფრებზე ვერ გავა, თუმცა დაახლოებით ₾2.5 მლრდ-მდე შეიძლება გაიზარდოს ინდუსტრიის  მოცულობა. მაინც ხარისხია მნიშვნელოვანი, რომ სავალდებულოობის გარდა, მომხმარებლები სექტორის მიმართ ნდობით განიმსჭვალონ”, - აღნიშნავს ნინა კობახიძე.

ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს, სადაც სავალდებულო პოლისების ამოქმედების ვადებიც გადაწყდება, რაც კანონპროექტის დოკუმენტის პირვანდელი ვერსიით, 2024 წლით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები