"პირველად ჯანდაცვაში დაფინანსება გაიზრდება, რადგან დღევანდელი მოდელი დაბალეფექტიანია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, პირველი ივლისიდან ჩვენ უკვე დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს მათ შორის მოსახლეობის მიერ პირველადი ჯანდაცვის სექტორისადმი დაბალი მიმართვიანობის გაზრდა, ასევე ეს არის სერვისების არასაკმარისი მოცულობა, რაც ეტაპობრივად გაიზრდება.
რეფორმის ფარგლებში უკვე იდენტიფიცირებული გვაქვს თუ რა სერვისების ზრდა მოხდება პირველ წელს და შემდეგ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მოხდება დაფინანსების ზრდა, რადგან დღევანდელი დაფინანსების მოდელი არის დაბალეფექტიანი. სერვისების არასაკმარის ხელმისაწვდომობაზე მიმდინარეობს მუშაობა და ციფრული ჯანდაცვა, ციფრული ტექნოლოგიები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მოდელი.
ამასთან, გვინდა, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ ჰოსპიტალში მიმართვიანობა, რადგან დღეს ეს ნამდვილად არის საგანგაშო. ეს არ არის მხოლოდ სუსტი პირველადი ჯანდაცვა, თუმცა ის რომ დასავლეთის ქვეყნებში ჰოსპიტალიზაცია არის 10%, ჩვენთან კი 80%-ია, საგანგაშოა. ჩვენი შემდგომი 10 წლის მიზანი არის ის, რომ გადავიდეთ გეგმურ ჰოსპიტალიზაციაზე და არ გვქონდეს მოულოდნელად დამდგარი ისეთი საჭიროებები, საიდანაც გამოსავლები რთულია და ხშირ შემთხვევაში გვაქვს ლეტალობის შემთხვევებიც“, - აღნიშნა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდა სელექტიური კონტრაქტირება პირველად ჯანდაცვაში და 150 დაწესებულებიდან სტანდარტების დაკმაყოფილება 89 დაწესებულებამ შეძლო.




























