მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირველადი ჯანდაცვა ციფრულ დონეზე გადავა, რეგიონებში ტელემედიცინის სისტემები დაინერგება“

6089358a8fa30
ინგა მურუსიძე
28.04.21 19:55
467
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში პირველად ჯანდაცვაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განმარტებით, ფუნდამენტური რეფორმა დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობისა და პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს.

მინისტრის თქმით, პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში მოხდება პაციენტების პრევენცია, მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა, რომელიც თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის.

„კოვიდ-პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ჯანდაცვაში ჩვენ არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, არსებული რესურსების სწორი დაგეგმვით შესაძლებელი გახდა პანდემიის პიკის პერიოდში ინფიცირებულთა 60%-ის ბინაზე მართვა, რამაც მნიშვნელოვნად განტვირთა ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც იმ პერიოდში სრული დატვირთვით მუშაობდა.

პირველადი ჯანდაცვა გამოვაცხადეთ უმაღლეს პრიორიტეტად და დავიწყეთ ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება. რეფორმა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სისტემურ გაუმჯობესებას რამდენიმე მიმართულებით. კონკრეტულად: პირველადი ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების გაუმჯობესებულ მექანიზმებს; პირველადი ჯანდაცვის სერვისების მოცულობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას; ოჯახის ექიმის რგოლის გაძლიერებას და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რომელიც გულისხმობს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის ახალ, ციფრულ დონეზე გადასვლას. უკვე შესყიდულია ტელემედიცინის სისტემები, რომლებიც ეტაპობრივად დაინერგება რეგიონების ამბულატორიებში. ტელემედიცინა ხელს შეუწყობს სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეობას ადგილზევე ჰქონდეთ გაუმჯობესებული წვდომა როგორც პირველადი ჯანდაცვის, ისე სპეციალიზებულ სამედიცინო სერვისებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზრდება სოფლის ექიმების შესაძლებლობები, რამდენადაც ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან დიაგნოსტიკის უახლესი ტექნოლოგიებით. ტელემედიცინა შეავსებს რეგიონებში არსებულ საკადრო დეფიციტს და შეამცირებს ექიმების შიდა მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.