„რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც 10-14 წლის წინ არასაკმარისი ყურადღება მიექცა?! - ეს იყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სრული იგნორირება და შედეგს ვიმკით დღეს“ - ეს განცხადება ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ FORBES HEALTH-ის პროექტის ფარგლებში #ForbesTalks-ში საუბრისას განაცხადა. ამასთან, ნიკოლოზ გამყრელიძის შეფასებით, დაახლოებით, 10-12 წლის წინ, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში „ინფრასტრუქტურული რევოლუცია“ მოხდა.
„ქვეყანამ მიიღო ძალიან მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთ ქვეყანაში ასე სისტემურად არ გაკეთებულა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც კერძო სექტორთან ერთად ჩატარდა.
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებით მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა; ამან განაპირობა ბევრი ახალი სერვისის განვითარება, თუმცა შეცდომა იყო საქმიდან კერძო სექტორის რადიკალურად გაყვანა და სახელმწიფოს შემოყვანა. ამან გვასწავლა რაღაცეები, რომ ბიუჯეტის გადახარჯვის ერთ-ერთი განმაპირობებელი ეგეც იყო“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
მისი თქმით, ფუნდამენტური შეცდომა იყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმის აბსოლუტური ინგორირება, რომელიც ყველა ეტაპზე უკან იყო გადაწეული, როგორც ნაკლებად პრიორიტეტული.
„გასული 12-13 წლის მანძილზე, ჩვენ რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმისთვის იმის ნახევარი წონა მაინც მიგვეცა, რაც ჰოსპიტალური სექტორის რეფორმას მივეცით, ახლა გაცილებით წინ ვიქნებოდით. ახლა კი ვებრძვით რეზულტატს და არა რეალურ მიზეზებს, სადაც გვაქვს პრობლემა. რაც არ უნდა ტარიფიკაცია ვცვალოთ, ჰოსპიტალურ სექტორში დანახარჯების გაჩერება ძალიან რთული იქნება და შეუძლებელიც, თუ მეორე მხარეს ფუნდამენტური რეფორმა არ განვახორციელეთ“, - აცხადებს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი.