სურსათის იმპორტიორი კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი ლევან პაპიაშვილი განმარტავს, რომ საცალო ქსელებთან დადებული ხელშეკრულებები დისტრიბუტორებს ვალდებულნი არიან რიტეილს "ქეშბექები", მაღაზიაში შესვლის და ახალი მაღაზიის გახსნის გადასახადები გადაიხადონ და ქსელში არსებული მათი პროდუქციის ვადიანობა და ნაშთები აკონტროლონ. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე ისაუბრა.
ლევან პაპიაშვილის აღნიშნავს, რომ მათ კომპანიას სურსათის აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ქსელებს შედარებით დაბალი ქეშბექი, შოკოლადსა და ანალოგიურ პროდუქტზე კი 50%-იანი ქეშბექი აქვთ დაწესებული. მას მაგალითად კონკრეტულ ფასიანი პროდუქტი მოჰყავს და განმარტავს - რა წილი უკავია პროდუქტის ფასწარმოქმნაში როგორც მათ საოპერაციო ხარჯებს, ასევე ქეშბექს. კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქეშბექის მოხსნა ან შემცირება პროდუქტის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.
„როგორც მომხმარებელი ჩვენც ვღელავთ, რომ მარკეტში შევდივართ და ასეთ მაღალ ფასებს ვაწყდებით და სადისტრიბუციო კომპანიის მხრიდან რის გამოც ამ პრობლემას ვაწყდებით, განვმარტავ.
პირველი ამომავალი საკითხი არის ქეშბექი. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს რომ გაყიდულ პროდუქციაზე რითეილს ქეშბექი დავუბრუნოთ, რაც ყველაზე კარგ შემთხვევაში იწყება 20%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე შედარებით დაბალია და შოკოლადზე და ასეთ ნაწარმზე 50%-ზეც ადის. დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია თავის მცირე მარჟას დაამატოს ქეშბექის დასაბრუნებელი თანხა, რომ გააგრძელოს ოპერირება. გარდა ამისა მაღაზიაში შესვლისა და ახალი მაღაზიის გახსნის საფასური. ასევე გასათვალისწინებულია ისიც, რომ მიწოდებული პროდუქციის ვადის გასვლაზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება და უნდა გამოვითხოვოთ. ასევე მცირევადიან პროდუქტს მაღაზიას ვერ მივაწვდით. ქსელების უმეტესობას პირობებში აქვს ჩადებული, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადის 50%-ზე ნაკლები ჩვენ ამ პროდუქციას ვერ შევიტანთ.
მაგალითად, გვაქვს 10-ლარიანი პროდუქცია, სადაც მოგების მარჟაც არის შესული. მიწოდების ხელშეკრულებაში წერია, რომ მიწოდებული პროდუქტის ღირებულებიდან 50% რიტეილ ქსელს უნდა დაუბრუნდეს. კომპანია იძულებულია ეს 50% დაამატოს ამ ღირებულებას. 10 ლარის ღირებულების პროდუქტიდან 5 ლარს იღებს რიტეილ ქსელი, ხოლო 5 ლარი ჩვენი პროდუქტის თვითღირებულება გამოდის. ჩვენთვის ამ ქეშბექის მოხსნა მოგების მარჟის ნაწილში მოცემულობას არ ცვლის. ანუ თუ ქსელი იტყვის რომ 100 000 ლარის პროდუქცია გაყიდა, მაშინ მე შესაბამისი ქეშბექი უნდა დავუბრუნო. ეს არის მარკეტინგის ხარჯი.
რაც შეეხება ჩვენს საოპარაციო ხარჯებს, ამაში შედის ლოგისტიკის, დასაწყობების, ხელფასები, ბონუსები და საშუალოდ ფასწარმოქმნაში 25% უკავია.
ორი ტიპის ხელშეკრულება გვაქვს თანხების დაბრუნების ნაწილში - არის 60-დღიანი და 75-დღიანი კონსიგნაცია. თუ კი მოლოდინის ეფექტი შემცირდება, ეს გარკვეულწილად ფასზე აისახება“, - განაცხადა ლევან პაპიაშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ. ამ დრომდე, ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რითეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს.




























