ირან-ისრაელის 12-დღიანი ომი დასრულდა, თუმცა დანამდვილებით ჯერ არ არის ცნობილი, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა შეერთებული შტატების ჩართულობით განხორციელებული თავდასხმა ირანის ატომურ ობიექტებზე.
ვიდრე დონალდ ტრამპი მიღწეული შედეგით ამაყობს და ირანის ბირთვული პროგრამის სრულ და ტოტალურ განადგურებაზე საუბრობს, CNN ოთხ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზვერვის პირველადმა მონაცემებმა სრულიად სხვა შედეგები აჩვენა. კერძოდ, B-2 ბომბდამშენების გამოყენებით ჩატარებულმა ოპერაციამ მხოლოდ რამდენიმე თვით შეაფერხა ირანის გეგმა, პროგრამის ძირითადი კომპონენტები კი ვერ განადგურდა.
ოპერაციის შეფასება პენტაგონის სადაზვერვო განყოფილებას დაევალა, ამბობს წყარო. სწორედ ამ შეფასების პირველადმა მონაცემებმა აჩვენა, რომ რეალურად შტატების მოქმედება არც ისე ეფექტური აღმოჩნდა.
წყაროს მიერ მიწოდებულ მონაცემებთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვა თეთრი სახლის პრეს-სპიკერს, კეროლინ ლევიტს დაუსვეს. მისი თქმით, ეს ინფორმაცია “ცალსახად მცდარია”. ლევიტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პილოტებს მისიის სრულყოფილად შესრულებისთვის.




























