მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პირველი, რაც ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ გავაკეთეთ, წერილების ხელახლა გაგზავნა იყო” - სამედიცინო ასოციაციები

არჩილ მორჩილაძე

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, არჩილ მორჩილაძე ამბობს, რომ დარგობრივმა გაერთიანებებმა ჯანდაცვის სამინისტროში წერილები ხელახლა გაგზავნეს, ამჯერად ახალი მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მისამართით. როგორც მორჩილაძემ “საქმიან დილაში” სტუმრობისას აღნიშნა, საუბარია დარგობრივი სამედიცინო ასოციაციების წერილებზე, რომლებზეც მათ პასუხები წინა მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის პერიოდში არ მიუღიათ.

“ის გზავნილი, რომ სამედიცინო საზოგადოებას და ექიმებს მოუსმენენ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო ის, რომ დარგობრივი ასოციაციებს გაერთიანებამ ხელახლა გადავუგზავნეთ ის წერილები, რომლებიც წინა წელს იყო გაგზავნილი. ერთი წერილი იყო 26 ასოციაციის ხელმოწერით და მეორე იყო ყრილობის პეტიცია, რომელსაც გასული წლის ივლისში ყრილობის დელეგატები შეუერთდნენ.

წინამორბედისგან პასუხები მიღებული არ გვქონდა. საინტერესოა, რომ ერთობლივად მივწერეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა დარგობრივმა ასოციაციებმა თავიანთ დარგში ასევე მისწერეს წერილები. დავანებოთ თავი ძველ ამბებს, ეს ისეთი სფეროა, რომ კონსენსუსი უნდა იყოს მიღწეული, ყველას ჩართულობით ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომ პირველ რიგში, პაციენტის და ექიმის ინტერესები იქნეს გათვალისწინებული“, - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

კითხვაზე - წინა მინისტრის დროს რამდენად იყო კომუნიკაცია უწყებას და სამედიცინო სექტორს შორის, მორჩილაძემ აღნიშნა, რომ DRG-ის ამოქმედების დროს შეხვედრები დაიწყო, თუმცა შემდეგ შეწყდა. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა ჯანდაცვის წინა მინისტრის საქმიანობის შეფასებისას DRG-ის შემოღების შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ბევრი პაციენტი დააზარალა.

„DRG-ის რაც შეეხება, ეს იყო კლინიკებს და სახელმწიფოს შორის მოსაგვარებელი საკითხი. ზოგ შემთხვევაში გამოდიოდა ისე, რომ ექიმები იჭყლიტებოდნენ ამ ჭიდილში და სამწუხაროდ, ამას მოჰყვა პაციენტების დაზარალებაც. ჩვენ რომ გადავხედოთ რამდენმა პაციენტმა თქვა უარი საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებაზე, ძალიან საინტერესო იქნება. ისინი უარს ამბობდნენ, ვინაიდან მათ კლინიკებში ეუბნებოდნენ, რომ საყოველთაოთი უფინანსდებოდათ მხოლოდ ის, რაც მათი ჯანმრთელობისთვის არ იყო საკმარისი და უფრო მეტი იყო საჭირო. მაგალითად, ტრავმატოლოგიაში სხვა ხარისხის პროთეზი და ა.შ.

სამინისტროს პოზიცია კი ასეთი იყო: თუ უარს იტყოდა პაციენტი, მაშინ ის საერთოდ ვარდებოდა დაფინანსებიდან და მთელი თანხა უნდა გადაეხადა. ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც ჩვენ დავაყენეთ, უნდა ყოფილიყო თანაგადახდის შესაძლებლობა. ამაზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტი“, - აღნიშნა არჩილ მორჩილაძემ და დასძინა, რომ DRG-ის მექანიზმი გათვლილია 1000-1500-საწოლიან კლინიკებზე, ხოლო 50-100-საწოლიანი კლინიკებს დანახარჯების თავიანთ თავზე აღება უჭირთ. საქართველოში კი მაქსიმუმ 300-400-საწოლიანი კლინიკები არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები