მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა დაინერგოს ე.წ დაშენებული პაკეტები" - IGG კერძო დაზღვევის განვითარებაზე

არჩილ მორჩილაძე

სადაზღვევო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა ნელი ტემპით იზრდება. ამჟამად კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 20% სარგებლობს, 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

როგორც BMG-ის „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" დამფუძნებელმა განუცხადა, ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მოზიდული პრემიის გაზრდილი მაჩვენებელი ძირითადად ინფლაციათაა განპირობებული. არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამ მიმართულებით ზრდას კვლავ ის გარემოება აფერხებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კერძო დაზღვევით სარგებლობისას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეთიშება.

მისი თქმით, იმისთვის რომ, ერთი მხრივ, კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზარდოს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო ეფექტურად დაიხარჯოს, აუცილებელია, რომ მოსახლეობას ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა შეეძლოს.

კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც არჩილ მორჩილაძე ყურადღებას ამახვილებს, დასაქმებულებისთვის სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის შემოღებაა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა ევროპაში ფართოდაა დანერგილი და ის გულისხმობს, რომ დასაქმებულის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადისგან გარკვეული წილი მის სამედიცინო დაზღვევაზე მიემართოს.

„ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილში მნიშვნელოვანი წინსვლა არაა. მოზიდული პრემიის გაზრდილი მაჩვენებელი სამედიცინო მომსახურების გაძვირებას უკავშირდება და არა იმას, რომ დაზღვეულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი ისევ ის მიდგომაა, რომ თუკი ადამიანი კერძო დაზღვევით სარგებლობს, ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეთიშება. ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს იმისთვის, რომ ის კერძო კომპანიაშია დაზღვეული. ამიტომ აუცილებლად უნდა დაინერგოს ე.წ დაშენებული პაკეტები, რათა მოქალაქეებმა სხვადასხვა სამედიცინო სერვისების დამატება შეძლონ კერძო დაზღვევის საშუალებით. ეს ჯანდაცვის ბიუჯეტსაც დაეხმარება, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს ხარჯვა.

კიდევ ერთი მიმართულება დასაქმებულების სავალდებულო დაზღვევაა, მსგავსი მოდელი ევროპაში მოქმედებს და ძალიან კარგად მუშაობს. აქ არაა საუბარი რაიმე დამატებით ხარჯებზე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტში გადახდილ საშემოსავლო გადასახადში უნდა განისაზღვროს ჯანდაცვის წილი, გარკვეული პროცენტულობა, რომლითაც ჯანმრთელობის დაზღვევის გადასახადი დაიფარება. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვისაც ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა მეტად საინტერესო გახდება და მოქალაქეებს გაუმჯობესებულ პაკეტებს შესთავაზებენ“, - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

ცნობისთვის, პირველი კვარტალის მონაცემებით, კომპანიებს ჯამში 731 140 სამედიცინო დაზღვევის მოქმედი პაკეტი აქვთ გაცემული. წლიურად გაცემული პაკეტების რაოდენობა 21,070-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები