მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველი საერთაშორისო აუქციონი თბილისში - რა იცვლება ქართულ ხელოვნების ბაზარზე | თეა გოგუაძის შეფასება

თეა გოგუაძე

„თითოეული ჩვენგანი გრძნობს ხელოვნების ადგილობრივი ბაზრის არაჩვეულებრივი ტემპით განვითარებას, ახალი ფონდებისა და ინიციატივების შექმნა ამ პროცესის ნათელი დადასტურებაა" - ასე შეაფასა ქართული ხელოვნების ბაზარი, ხელოვნების ფონდ "ანაგის" თანადამფუძნებელმა თეა გოგუაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში.

"ანაგის" თანადამფუძნებლის თქმით, საუბარია არა უბრალოდ ბაზარზე, არამედ უფრო ფართო სისტემაზე: “ხელოვნების ბაზარს, ეკოსისტემას უფრო დავარქმევ, რომელიც ქმნის ტენდენციებს ბაზრის ნებისმიერი მიმართულებისთვის.”, “ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. “ლაქშერის” სეგმენტზე, რომელიც მოდით რეალურები ვიყოთ, არავის არ სჭირდება მანამ სანამ გარკვეულ ეტაპს არ მივაღწევთ.” თეა გოგუაძის თქმით, სწორედ ძვირად ღირებული ნამუშევრები ხდება იმიჯის განმსაზღვრელი კომპანიისთვის ან სულაც წარმატებული ოჯახისთვის და პიროვნებისთვის.

მსგავსი ტენდენცია უკვე საქართველოშიც იკვეთება, როგორც დასავლეთში, “არსებობს გარკვეული ახალი ფულის წარმომადგენლობითი იმიჯი და ძველი ფულის წარმომადგენლობითი იმიჯი, სადაც, რა თქმა უნდა, ხელოვნება არის ჩაუნაცვლებელი ინდიკატორი.” სწორედ ამ ტენდენციას ასახელებს თეა გოგუაძე ერთ-ერთ მიზეზად, რამაც განაპირობა გასულ წელს Bonham’s-ის სააუქციონო სახლის მიერ ქართული ხელოვნების აუქციონის ჩატარება. “ეს ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გამარჯვება იყო,სწორედ ამ ისტორიულმა მოვლენამ მისცა ბიძგი იმას, რაც 27 აპრილს ხდება თბილისში.”

27 აპრილს Hessink’s სააუქციონო სახლის მიერ თბილისში, საქართველოში პირველი ხელოვნების აუქციონი ჩატარდება, “დედაქალაქი გავხდით, მაინც ვიასპარეზეთ, როგორც ქართველებმა. შესაბამისად თუ აქამდე მაგალითად ქართველ ხელოვანებს ვხედავდით და გვიხაროდა მათი წარმატება საზღვრებს მიღმა და საქართველოდან მათი გასვლა, აუქციონებზე თუ გალერეებში, ახლა უკვე საქართველო ხდება ის გაჩერება სადაც პირიქით აქეთ შეუძლიათ უცხოელებს ნახონ ქართველი ხელოვანების ნამუშევრები.” - აღნიშნა თეა გოგუაძემ.

ანაგის თანადამფუძნებლის თქმით ქართული ბაზრის ერთ-ერთი გამოწვევა ბაზრის გამჭვირვალობაა. “ხელოვნება ხომ არ არის უბრალოდ რომ თვალს უხარია ნამუშევრები, ხელოვნება არის გაცილებით მეტი. ეს არის ღია თამაშის წესის შემოღება რომლის გარეშეც რა თქმა უნდა ვერცერთი ბიზნესი ვერ განვითარდება. თუკი ჩვენ გავრიგდებით რაღაცა ნამუშევრის შეძენაზე და ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცის, ეს კონკრეტული ხელოვანების ნამუშევრების საბაზრო ღირებულების დადგენას ართულებს.”

ამ პროცესისთვის არსებობს რიგი მონაცემთა ბაზები, რომლებიც აფიქსირებენ ნამუშევრების ფასს. ბაზებში დაფიქსირება ხდება ან საერთაშორისო ვაჭრობებით, როგორიცაა არტ ბაზრობები, რომელიც წელს საქართველოშიც ტარდება მაისში, TAF - Tbilisi Art Fair და აუქციონები. აუქციონებს განსაკუთრებული როლი ენიჭება. „სააუქციონო სახლი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ფასი დაადგინოს”, ამასთანავე თეა გოგუაძე განმარტავს, რომ აუქციონზე დაფიქსირებული ფასი მთლიანად განსაზღვრავს მხატვრის პორტფელის ღირებულების დინამიკას.

პირველ ქართულ ხელოვნების აუქციონზე თეა გოგუაძის თქმით დღეს 170-ზე მეტი მონაწილეა დარეგისტრირებული, თუმცა ადგილობრივი კოლექციონერების წილი ჯერ კიდევ მცირეა. „ეს აჩვენებს, რომ ქართულ ბაზარს აუქციონის კულტურასთან ჯერ კიდევ სჭირდება შეჩვევა“, — აღნიშნა მან. თუმცა მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ინტერესი მაღალია. „როგორც კი დასავლეთში გაიგეს ამ აუქციონის შესახებ, მაშინვე გაჩნდა ინტერესი — ყველას აინტერესებს, რა ხდება თბილისში“.

გოგუაძის შეფასებით აუქციონი ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქვეყნისთვის. „საქართველოსთვის გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა“, - აღნიშნა მან და ეს პროცესი ვიზალიბერალიზაციას შეადარა, “თავიდან არც გვესმოდა რას ნიშნავდა და დღეს ამის გარეშე უკვე ვერც კი წარმოგვიდგენია.”

ხელოვნების ფონდი ანაგის გეგმებზე საუბრისას თანადამფუძნებელმა განმარტა, რომ მათი გეგმები სრულიად მომავალზე ორიენტირებულია - “ჩვენც ვცდილობთ რომ ფანჯარა გავხსნათ დასავლური და ასევე აღმოსავლური მიმართულებით და კოლექციონერები დავაინტერესო. გვყავს უკვე რამდენიმე საერთაშორისო დიდი კოლექციონერი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში, რაც გახსნილები ვართ, საოცარი შედეგები დაიდო და გამოფენები, რომლებსაც ჩვენ ვაწყობთ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, დაათვალიეროთ, ისიამოვნებთ. ძალიან ბევრი გვეუბნება, რომ ბილეთის გარეშე ხვდებიან ნიუ - იორკში.”

გოგუაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად 27 აპრილს დაგეგმილი აუქციონის მიმართ ქართველი კოლექციონერების და გალერეებისგან ინტერესი დაბალი იყო, “აუქციონის მოახლოებასთან ერთად უფრო გააქტიურდნენ, მე მგონია, რომ ეს მოვლენა უკვე თვითონ ფაქტის შემდგომ უფრო კარგად დაგვანახვებს რეალურად რა მოხდა და რა ხდება და რას ნიშნავს სუვერენიტეტი, რას ნიშნავს ის, რომ შენ, როგორც ქართული ხელოვნება ხდები სუვერენული მოთამაშე მსოფლიო ბაზარზე და შენს დედაქალაქში ხდება შენივე ხელოვნების განხილვა და საერთაშორისო ბაზარზე წარდგენა.”

Hessink’s თბილისის სააუქციონო სახლი პირველ საერთაშორისო აუქციონს 27 აპრილს, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMa Tbilisi) წარმოადგენს. აუქციონის ჩატარებამდე კი აუქციონის 90 ლოტის ადგილზე დათვალიერება უფასოდ, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები