მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი სხდომის პარალელურად, გახარია მოქალაქეებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს

გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება „ყველამ ერთად გააგონოს საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებს არ თვლიან, არც სამართლიანად და არც დემოკრატიულად“.

ასევე, "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ უცხოელ დიპლომატებს მიმართა, არ დაესწრონ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა მას ლეგიტიმაცია არ მიეცეს.

"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, იმ დღეს, როცა ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ არ ვთვლით ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად და, შესაბამისად, არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს მანამ, სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური გამოძიება და ყველა ლეგიტიმურ კითხვას გაეცემა სრულფასოვანი პასუხი“, – განაცხადა ბრიფინგზე გახარიამ.

გიორგი გახარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს "სისტემურად გაყალბებულს" უწოდებს. მისი მტკიცებით, ამას ადასტურებს "სისტემური ხასიათის" სამი ფაქტორი:

"ეს იყო ფარულობის არარსებობა, ეს იყო კომისიების ფორმირება სრულად „ოცნების“ გავლენის ქვეშ და „ოცნებასთან“ დაკავშირებული პირებით, ეს იყო ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების სისტემური გამოყენება, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ დღეს არც საერთაშორისო საზოგადოება და არც ჩვენი მოქალაქეები ამ არჩევნების შედეგებს არ იღებენ, როგორც ლეგიტიმურს და სამართლიანს", - თქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები